4 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, რომელსაც 37 დეპუტატი და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგში საკითხები საკმაოდ ბევრი იყო.
პირველი საკითხის ირგვლივ, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან განმარტა, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია გადავიდა ერთიანი ელექტრონული ხაზინის მომსახურებაზე.
გია მამაკაიშვილმა კონკრეტულად ისაუბრა პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ:
_ 2011 წელს, მთავრობის მიერ, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროექტის ეგიდით, გახორციელდა ამერიკული სიმინდის შემოტანა და მისი მოსახლეობაში და ფერმერებზე განაწილების პროგრამა, რომლის ერთი მუხლი ითვალისწინებდა, წარმატებული ფერმერების მიერ, ბიუჯეტში სათესლე მარცვლეულის ღირებულების შეტანას. ეს იყო უმნიშვნელო თანხა _ 7 950 ლარი და მუნიციპალიტეტის სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა. გურულებს კარგად ახსოვთ მაშინდელი სოფლის მურნეობის მინისტრის, კვეზერელის დაპირების პათოსი და უპირობო დავალება, შემოდგომაზე ნალიებს ყვითელი სიმინდის მოსავლისგან ტორტმანი უნდა დაეწყო! შესაბამისი კომისიის რეკომენდაციით, ეს თანხა დაემატა ინფრასტრუქტურის სამუშაოების ხარჯებს.
მამაკაიშვილმა ისაუბრა არაკვალიფიცირებულ ხარჯად წოდებულ 180 ათას ლარზე, რომელიც დეპუტატებს ეძლევათ. ცენტრალური ხაზინიდან მიღებული დირექტივის თანახმად, მოხდა ამ თანხის მუხლობრივი გადადგილება. ჯამში კი არაფერი იცვლება: _ კონკრეტულ ა(ა)იპ–ში ხდება აკუმულირება. ეს არის განმარტება, რომ ბიუჯეტის არანაირი ზრდა არ ხდება. წარმოდგენილი პროექტი 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მხოლოდ შიდამუხლობრივ გადაადგილებას ითვალისწინებს, _ დასძინა მამაკაიშვილმა.
ცვლილებას დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წინაშე ექვსი თვის ანგარიშით წარდგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მან თქვა, რომ არაერთხელ განმარტებული და პრეზენტაციაზე გამოტანილი გეგმის ოფიციალური წარდგენა დღეს ხდება.
_ როგორც წინასაარჩევნოდ, ისე შემდგომი მუშაობის პერიოდში, ჩვენი ძირითადი სამუშაო იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესრულება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და ეკონომიკა. ვალდებულებები, რომლის ღირებულება სულ 4 მილიონ 100 ათასი ლარი იყო, გახორციელდა. მხოლოდ ორი პროექტი ჩავარდა _ ეს იყო სოფელ მერიის ხიდის მშენებლობა და სოფელ დვაბზუში გაურკვეველი ხიდის მშენებლობა, რომელიც მაინც გაკეთდება, რახან დაწყებულია, ოღონდ საჭიროებს პროექტის შეცვლას. აქვე მინდა გითხრათ, რომ მოახლოებულია სოფლის პროექტების გახორციელების დრო. უნდა გაკეთდეს რეალური საქმე, რომ სამომავლოდ ფული წყალში გარ გადაიყაროს, _ თქვა ჭანუყვაძემ.
მერაბ ჭანუყვაძემ ისაუბრა 28 თემში გახორციელებულ სამუშაოებზე, რომლის ღირებულებამ 1 347 000 ლარი შეადგინა _ გაკეთდა 1440 გრძივი მეტრის ხრეშოვანი და რკინა-ბეტონის გზები, დაეხმარნენ სტიქიისგან დაზარალებულებს, კონკრეტულად, 1293 დაზარალებულ ოჯახს 26 000 კვ. მ. თუნუქის სახურავი გადაეცა. 24 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს კი 30 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალებით დაეხმარნენ.
მერაბ ჭანუყვაძემ საგანგებოდ განმარტა ჩაის რეაბილიტაციის შესახებ, რომ აღნიშნული პროექტი აქტიურ ფაზაშია და ის თანხა, რომელიც 2 ათასი ჰექტარი ფართობის რეაბილიტაციისთვის არის გამოყოფილი, კერძო სექტორში წარიმართება და არა მათთვის, ვისაც ათასობით ჰექტარი მხოლოდ დაკონსერვებული ჰქონდა. მან, ასევე, აღნიშნა სოფელ ჭანიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სადემონსტრაციო ნაკვეთის მშენებლობის შესახებ, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაიწყება საქმიანობა.
საკრებულოს სხდომაზე "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუშავების და სამუშაოთა ორგანიზებისთვის დროებითი სამუშაო ჯგუფის და, შესაბამისად, კონკურსის წესის დამტკიცებისა და კონკურსის გამოცხადების თაობაზე" _ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ ისაუბრა.
_ ოზურგეთის დროშა და გერბი, რაც დღეისთვის არსებობს, დაწუნებულია და მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილიყო დროებითი სამუშაო ჯგუფი. წარმოდგენილია წესი, რომლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს დროშა და გერბი. გამარჯვებული სამი თვის ვადაში უნდა გამოვლინდეს. კონკურსში წარმატებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო სამი ათასი ლარის ოდენობით. კონკურსი 10 თებერვლიდან გამოცხადდება.
დეპუტატთა ნაწილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გამოთქვეს საკუთარი უარყოფითი მოსაზრება ახლანდელი გერბის შესახებ, რომ გამოსახულებაზე ჯვარი, ლომი და სვეტი, ერთ ფერშია გადაწყვეტილი. ყოველივე ეს კი მთლიანად ეწინააღმდეგება ჰერალდიკის პრინციპებს:
_ როგორ უნდა მიხვდეს კაცი, რომ ეს ოზურგეთის გერბია? რაღაც ხომ უნდა იყოს მიმანიშნებელი? _ სვამდნენ კითხვებს დეპუტატები და შეჯერდნენ, რომ კონკურსის შედეგებს დაელოდონ. ისინი დათანხმდნენ სამუშაოთა ორგანიზებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას, გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით, კონკურსის წესის დამტკიცებასა და კონკურსის გამოცხადებას.