10 თებერვალს დაიწყო დასავლეთის თასის გათამაშება, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. გუნდები 2 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებული და საუკეთესო შედეგის ოთხი გუნდი ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში გამოავლენელ გამარჯვებულს. ჩოხატაურის "ბახმარო" B ქვეჯგუფში ვანის სულორთან, ჩხოროწყუს სამეგრელოსთან და სენაკის ეგრისთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩები 10 თებერვალს გაიმართა. ვანის სულორმა სტუმრად სენაკის ეგრისი 0;4 დაამარცხა და ჯგუფის სათავეში აღმოჩნდა, ჩოხატაურელებმა კი ჩხოროწყუს სამეგრელოს უმასპინძლეს. შეგახსენებთ, რომ სამეგრელო მეორე ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და პირველ ლიგაში გადასვლის რეალური პრეტენდენტია, თუმცა, "ბახმარომ" არაფერი დაუთმო ძლიერ მეტოქეს. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უამინდობის გამო გაფუჭებული მოედანი არცერთ გუნდს არ აძლევდა კარგი თამაშის საშუალებას. საერთო ჯამში, ბახმარო შეტევების სიმრავლითაც და სიმწვავითაც აღემატებოდა მეტოქე გუნდს. პირველ ტაიმში სამეგრელოს მცველმა თავგანწირული ნახტომით, ცარიელი კარიდან გამოიტანა სერჟის დარტყმული. რამდენჯერმე საკუთარი გუნდი მეკარემაც გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ერთადერთი რეალური მომენტი გოლად აქციეს. სამეგრელო დაწინაურდა, თუმცა, თამაშის სცენარი არ შეცვლილა ბახმარო გააზრებულად უტევდა და მათმა მცდელობამაც მეორე ტაიმის შუაში გამოიღო შედეგი, კუხიანიძის ჩაწოდებას სამეგრელოს მეკარე ვერ შეწვდა და ციცვიძემ ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მატჩი, საბოლოოდ, 1:1 დამთავრდა, რაც ორივე გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანს უნარჩუნებს. 13 თებერვალს ბახმარო სენაკს ესტუმრება ხოლო ჩხოროწყუ ვანის სულორს. სამეგრელოში განცდილი მარცხისთვის რევანში მარტის ბოლოსთვის გადაიდო, როცა ჩხოროწყუს ფეხბურთელები უკვე მეორე ლიგის გათამაშების ფარგლებში მეორედ ესტუმრებიან ჩოხატაურს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved