რამდენიმე დღის წინ, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში შემოწმება ჩაატარა და სანიტარული ნორმების დარღვევისთვის ბაღებს ფულადი სანქციებიც დაუწესა. საუბარია სამზარეულოების გარკვეულ სტანდარტებზე, რომელიც არც ერთ ბაღში არ არის სააგენტოს მოთხოვნილ დონეზე.
აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ რეალური ქმედითი ნაბიჯი მის მოსაგვარებლად, არ გადაუდგამს. დაპირების მიუხედავად, 17 საბავშვო ბაღის სტანდარტებში მოყვანა ვერ მოხერხდა.
_ ბუნებრივია ჩნდება კითხვები, თუ ქვეყნის მასშტაბით ანალოგიური სიტუაციაა, მაშინ ბაღები უნდა დაიხუროს? ახალმა ხელისუფლებამ გადასახადი რომ გააუქმა, კარგია, მაგრამ თავად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ხომ უნდა იზრუნოს? თუ ერთი ხელის მოსმით ვერ გვარდება ეს პრობლემა, სურსათ_:ის უვნებლობის სააგენტოს ხომ შეიძლება სხვა მითითებები მიეცეს და რადიკალური მოთხოვნები შერბილდეს?
და რა გამოდის, მოსახლეობა კმაყოფილია იმ პირობებითაც კი, რაც დღესდღეობით ბაღებში არსებობს, მაგრამ ბაღების დახურვა მაინც დადგეს დღის წესრიგში. სამწუხაროდ, უწყებათა შორის ასეთ არაკოორდინირებულ მუშაობას, შეიძლება ბავშვების ინტერესები შეეწიროს. ამაზე კი ისე ჩანს არავინ ფიქრობს, _ მშობელთა ნაწილის აზრი ასეთია.
გაუგებარია ისიც, რომ ახალი ბაღის მშენებლობის დროსაც არ გათვალისწინებულა სააგენტოს მოთხოვნები. კერძოდ, სოფელ ქვიანში დასრულდა ახალი შენობის მშენებლობა, მაგრამ მისი გახსნა რომ მოსწრებულიყო, სავარაუდოდ, ისიც დაჯარიმდებოდა. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, ქვიანის საბავშვო ბაღის სამზარეულოც ვერ არის იმ სტანდარტების, რასაც ითხოვენ.
წელს კიდევ 4 ბაღის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც ნამდვილად კარგი საქმეა, თუმცა, ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე უნდა მიექცეს ყურადღება იმ მოთხოვნებს, რომლებიც თუნდაც, სამზარეულოს სტანდარტების სანიტარული ნორმების დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა.
ამ ეტაპზე კი ექვსი ბაღის ჯერი დადგა. რადგან შემოწმება ეტაპობრივად ხდება, სამომავლოდ დანარჩენებსაც იგივე ხვედრი ელის და სანამ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არავინ იცის.