საზოგადოების არასწორი ინფორმირება ციფრულ მაუწყებლობამდე 4 თვით ადრე
მიმდინარე წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ ანალოგური მაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს გაითიშება.
იმისთვის, რომ მოსახლეობამ ციფრული მაუწყებლობით ისარგებლოს აუცილებელია მათი ტელევიზორები სპეციალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს.
აღნიშნულს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიწისზედა ანალოგური მაწყებლობა ციფრულმა უნდა ჩაანაცვლოს ევროპის მაუწყებლებმა 2006 წელს ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს.
გადაწყვეტილების მიზეზია თანამედროვეობის მოთხოვნები, რომელსაც მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა ვეღარ პასუხობს, რადგან ამოწურვად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. თანაც ციფრული მაუწყებლობა უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი ხარისხის გამოსახულებისა და ხმის მიღებას, ვიდრე მიწისზედა ანალოგური.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სხვადახვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. როგორც ჩვენთან საუბრისას, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, პირველი და უმთავრესი გამოწვევა ამ პროცესში არის დრო.
,,ერთ-ერთი მთავარი სირთულე რაც იყო, ეს იყო ძალიან ცოტა დრო. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო გეგმა, 2014 წლის დასაწყისში დაინიშნა. ფაქტობრივად, გეგმის განსახორციელებლად წელიწადნახევარი გვქონდა, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, ყველაზე მინიმუმ 5 წელი მაინც ჰქონდათ. ეს მოკლე ვადა ქმნის ზუსტად მთავარ გამოწვევას და მთავარ სირთულეს“, _ განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
დროის სიმცირე, თავის მხრივ, ისეთ პრობლემებს წარმოშობს, როგორიცაა მოსახლეობის დროულად და სრულყოფილად ინფორმირება, მაუწყებლების ტექნიკური გადაიარაღება და ა.შ. როგორც ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში „გურია ნიუსს“ უთხრეს, მოსახლეობის ინფორმირებისთვის მათ აქტიური საინფორმაციო კამპანია იანვრიდან დაიწყეს. ამ ეტაპისთვის მომზადებულია 19 ვიდეორგოლი.15 კლიპი გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხის ასევე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში. გარდა ამისა, კლიპების ნახვა შესაძლებელია ,,რუსთავი 2-ის’’, ,,მაესტროს’’ და ასევე 24 ადგილობრივი მაუწყებლის სარეკლამო ბადეებში.
,,საზოგადოების ინფორმირებულობა ჩვენი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა საშუალებებით ხდება. აქტიურად მუშაობს ცხელი ხაზი. პრესის, რადიოს და ტელევიზიის საშუალებით ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირებულობა“, _ განაცხადა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს პრეს სპიკერმა, სალომე გელაშვილმა.
აღნიშნულ ვიდეორგოლებს უარყოფითად აფასებს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი.
,,კლიპებშიც დაგეგმვის პრობლემა აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ახლა ვამზადებ წერილს, რამდენიმე კლიპის ეთერიდან ამოღების თაობაზე, რადგან არასწორი მესიჯების მიმწოდებელია საზოგადოებისთვის. მაგ: ერთ-ერთი კლიპში ისმის ფრაზა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არ ეხება ისეთ მაყურებელს, რომელიც სიგნალს თანამგზავრული ოპერატორით იღებს. ამ დროს კი, რეფორმა ზუსტად მათ ეხებათ, რადგან საშუალება ეძლევათ, სიგნალის მისაღებად აღარ გადაიხადონ ის მინიმალური თანხაც კი, რასაც ახლა იხდიან. ეს არცერთ კლიპში გასაგებად არ ჩანს“, _ განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
როგორც ციფრული მაუწყებლობის სააგნეტოში ამბობენ, უკვე დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან, რათა ერთიანი კონსულტაციების შედეგად სპეციფიკური ხასიათის ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. იგეგმება სააგენტოს მიერ მომზადებული კლიპების ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნა.
ნათია კუპრაშვილი აღნიშნულ ფლაერებსაც, უარყოფითად აფასებს.
,,ფლაერებს გავეცანი და ვფიქრობ, რომ გასაგები ენით შედგენილი არ არის. ადამიანისთვის, რომელიც ვერ ერკვევა ამ ტექნოლოგიურ ტერმინებში მსგავსი ფლაერი გაუგებარი და არაფრის მიმცემი იქნება.ფლაერში ძალიან გასაგებად წერია, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანაა და მთავრობამ კარგი სტრატეგია დაწერა. მაგრამ, რა არის ციფრული მაუწყებლობა, როგორ უნდა მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რას აძლევს მოსახლოებას ეს ციფრული მაუწყებლობა, ყველაფერი ეს გასაგები ენით არ არის ახსნილი ფლაერში. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ციფრულ მაუწყებლობის სააგენტოს სხვა დაინტერესებული პირებიც ჩაერთო დაგეგმვის დროს. ფოკუს ჯგუფები შეექმნათ და გაეგოთ, რამდენად გასაგები ენით იყო შედგენილი ფლაერები“, _ განაცხადა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა.
მისივე თქმით, პრობლმაა ფლაერების დარიგების ფორმაც. გადაწყვეტილია, რომ ფლაერები მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებთან ერთად, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დაურიგდეს.
,,ერთი შეხედვით ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იპოვეს. ქალაქებში კიდევ შესაძლოა გაამრთლოს ამ მეთოდმა, მაგრამ რა მოხდება რეგიონებში, სადაც ძალიან ბევრ სოფელს აქვს კოლექტიური მრიცხველები. როგორ გადაინაწილებს მოსახლეობა იმ ერთ ფლაერს?!“, _ აღნიშნა კუპრაშვილმა.
მაუწყებლების ტექნიკურ გადაწყობასთან დაკავშირებით, შედგა ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც თბილისის ფარგლებში უკვე დაწყებული აქვს სამუშაოები. რამდენიმე მაუწყებლის მიღება თბილისის ფარგლებში უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რეგიონებში ციფრული ზონების პრობლემურობას – მარეგულირებელმა, ეკონომიკის სამინისტრომ, სახელმწიფო სტრატეგიამ გაითვალისწინა, რომ არ შეიძლებოდა ციფრული ზონების მიხედვით რეგიონული მოქცევის ფორმირება, ამიტომ რეგიონულ მაუწყებლებს, რომლებიც მანამდე ფლობდნენ ანალოგურ ლიცენზიებს და ზონაში არ ჰყავდათ სხვა კონკურენტი, უსასყიდლოდ და უკონკურსოდ (იმიტომ, რომ ისინი უკვე ფლობდნენ ლიცენზიას) შეეცვალათ ანალოგიური ლიცენზია ციფრული ლიზენციით და მიენიჭათ იმ ზონების მიხედვით, რომლებშიც აქამდე მაუწყებლობდნენ.
ანალოგურსა და ციფრულ მაუწყებლობას შორის მთავარ განმასხვავებელს წარმოადგენს გზა, რომლითაც მათ მომხმარებლამდე გამოსახულება მიაქვთ. ანალოგური სიგნალისაგან განსხვავებით, ციფრული სიგნალი ინფორმაციას ყოფს ინდივიდუალურ ფრაგმენტებად და ამის ხარჯზე მომხმარებელი საკუთარ ტელევიზორში იღებს გამოსახულებისა და ხმის უკეთეს ხარისხს, რაც მთავარია შეფერხების გარეშე, რაც ხშირად ახასიათებს ანალოგურ სიგნალს მისი ტრანსმისიის უწყვეტობიდან გამომდინარე.
ამგვარად, იმ დროისათვის, როდესაც საქართველოში ანალოგური სიგნალი გაითიშება, ტელემაყურებული მზად უნდა იყოს ციფრული სიგნალის მისაღებად. ამისათვის კი საჭიროა, რომ მან ჩვეულებრივ ტელევიზორს, რომელსაც არა აქვს ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერა, სპეციალური ადაპტერი ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსი მიუერთოს.
როგორც ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში გვითხრეს, სპეციალური აღჭურვილობა ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსი, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება. ეს მოწყობილობები კი, საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოვა. სოციალურად დაუცველთა სიის მიხედვით, ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსბი, დაახლოებით, 270 000 ოჯახისთვის შეიძინეს.
ნათია კუპრაშვილის თქმით, დღეისათვის ბაზარზე ორივე სახის ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსებია. მოსახლეობას, 50 ლარის ფარგლებში შეუძლია, როგორც დეციმეტრული, ასევე მეტრული სიგნალის მიმღები დეკოდერი შეიძინოს.
ცნობისთვის, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებაც, რომ მათ სჭირდებათ ისეთი დეკოდერი, რომელიც ორივე სახის სიგნალს იღებს, რადგან ჩვენი ციფრული მაუწყებლობა ორივე დიაპაზონშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ თუ ქვეყანა დათქმულ ვადაში, ანუ 2015 წლის 17 ივნისისათვის, ვერ მოახერხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დადგება. ამის მიზეზი ის იქნება, რომ შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგური სამაუწყებლო სიგნალებს ხელშეშლებისაგან იცავს, ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. თუ ქვეყანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის გათიშვას, მაშინ საქართველოს სიხშირეთა ნაწილის გამოყენებას, დიდი ალბათობით, მისი მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ, რაც გამოიწვევს ხელშეშლებს და შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები შეილახება. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება მეზობლებთან ხელახალი ორმხრივი მოლაპარაკებები წამოიწყოს სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო მეტად არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.