რამდენიმე დღეა, რაც ოზურგეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებულ გადასახადზე საუბრობს. 10, 15, 10 ლარი – ეს ის თანხებია, რომლითაც ადგილობრივების თქმით, მათმა გადასახადებმა იმატა. თუმცა, დენის მოხმარება არ გაუზრდიათ.
ასევე, ადგილობრივების თქმით, მათზე ქუჩის განათების გადასახადებიც ნაწილდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერის, გია ნაკაიძის განმარტებით, მოსახლეობის პრეტენცია, საფუძველს მოკლებულია და არცერთი ოჯახისთვის ხელოვნურად ელექტროენერგიის ტარიფი არ გაუზრდიათ.
"მოსახლეობა თებერვალში იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის. ის, რომ რომელიმე მრიცხველზე ეს ხელოვნურად გაზრდილია და მრიცხველი მეტს წერს, ჩვენც მოგვმართეს მოქალაქეებმა, აბონენტებმა, თუმცა ადგილზე მისვლისა და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.
ფაქტი არ დასტურდება, რომ მრიცხველი იყოს აჩქარებული. თუ კი ვინმეს ექნება პრეტენზია, ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, მოგვმართოს განცხადებით, ჩვენი წარმომადგენლები ამას გადაამოწმებენ", _ ამბობს ნაკაიძე და დასძენს, რომ ასევე უსაფუძვლოა ადგილობრივების პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან ქუჩის განათების თანხებიც უნაწილდებათ.
"ქალაქსა თუ სოფლებში განათებების გადასახადს იხდის გამგეობა და მერია, ასე რომ ეს არის უსაფუძვლო ეჭვი.
ყველა მოსახლეს აქვს ინდივიდუალური მრიცხველი, რომელიც არის ხელმისაწვდომი. მათ შეუძლიათ, მრიცხველის ჩვენებების საფუძველზე გადაამოწმონ ქვითარზე აღნიშნული თანხა."