ლანჩხუთში სამსახურის უფროსებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის 30 ლარიანი აბონიმენტები დაურიგდათ გასავრცელებლად.
ჩვენი ინფორმაციით, სამსახურის უფროსებს დირექტივა აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან, აბონიმეტი თავიანთ თანამშრომლებს აყიდინონ.
"არ ვიცი, რაში მჭირდება ეს აბონიმენტი, რა დიდი ხელფასი ჩვენ გვაქვს, ამის ყიდვას რომ გვაიძულებენ, მაგრამ უარს ვერავინ ვამბობთ, იძულებული ვართ რასაც გვეტყვიან დავემორჩილოთ ცხვარივით. გაბედავ ენის ამოღებას და გეტყვიან მიბრძანდით, გზა ოთხივე კუთხით ხსნილი გაქვსო", -ამბობენ ის ადამიანები, ვისაც იძულების წესით უკვე მოუწია აეღო ფეხბურთის აბონიმენტი.
როგორც ირკვევა, გაცილებით რთულ სიტუაციაში არიან ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, რადგან მათი კოლექტივი საკმაოდ მცირე რიცხოვანია და როგორ მოახერხებენ თანასოფლელებში, რომლებიც ძირითადად პენსიის იმედად არიან, ასობით აბონიმენტის გავრცელებას ძნელი სათქმელია.