მსოფლიოში ცნობილი ჩინეთის სიმბოლო – ჩინეთის დიდი კედელი – აღმოჩნდა გაცილებით გრძელი, ვიდრე ადრე მიიჩნევდნენ.
მისი სიგრძე, თურმე 8,85 ათასი კილომეტრი კი არა, 21,196 ათასი კილომეტრი ყოფილა.
საქმე ისაა, რომ ადრე არქეოლოგები დიდი კედლის მხოლოდ იმ მონაკვეთებს ზომავდნენ, მინის დინასტიის ეპოქაში რომ ააშენეს. გასულ წელს კი ნამდვილი სენსაცია გახდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნაგებობის საერთო სიგრძე თითქმის 9 ათას კილომეტრს აღწევდა.
ამ მომენტამდე კედლის სიგრძეს აფასებდნენ 6 ათას კილომეტრამდე, მოცემული წარმოდგენა კი ეფუძნებოდა მხოლოდ ისტორიულ ჩანაწერებს. ინფრაწითელი სხივებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ათასი წლის განმავლობაში ქვიშით მინამქრული, აგრეთვე, მთის რელიეფით დაფარული ნაგებობის გამოვლენა.
ჩინეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აგებული კედლისა და მისი ფრაგმენტების 44 000-კილომეტრიანი მონაკვეთის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ნაგებობის საერთო სიგრძე ორჯერ აღემატება ადრე ცნობილ მონაკვეთებს.
უკანასკნელი მონაცემებით, დღეისთვის კედლის საერთო სიგრძის მხოლოდ 8,2 პროცენტი, რომელიც მინის დინასტიის ეპოქაში შეიქმნა, ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, მაშინ, როდესაც 74 პროცენტზე მეტი სერიოზულადაა დაზიანებული. ასე მაგალითად, არქეოლოგების მონაცემების თანახმად, კედლის მონაკვეთები ჰანსუში უკვე ნანგრევებად იქცა და უახლოეს 20 წელიწადში შეიძლება სრულიად გაქრეს. ამის მიზეზად მეცნიერები ქვიშის შემოტევას ასახელებენ, რაც გამოწვეულია 1950-იან წლებში კომუნისტების მიერ გატარებული დამანგრეველი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით. ამას გარდა, აქ ასაშენებლად იყენებდნენ გამოუმწვარ აგურს, რომელიც სიმტკიცით ჩამორჩება გამომწვარ აგურს ან ქვას.