გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ფიგურირებს. მასალაში პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მინდია გულუას შესაძლო კავშირებზეა საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ გულუა თითქოს, ივანიშვილთან გეგმავდა მოლაპარაკებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე:
ვალერი ხაბურძანია: გულუა მეუბნება ამას წინად, – ძაან საიდუმლო ინფორმაციააო, მეო ბიძინა ივანიშვილს უნდა შევხვდეო. აქედან არისო "დაბროო", რაღაცაო, პარტიაო, ესაო, ისაო. ეს ინფორმაცია გამანდო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი "დაბრო" მაგას აქედან არ ჰქონდა, "ონ პო სვოეი ინიციატივე" ადგა, რაღაც ფული დახარჯა, ბიძინას შეიძლება არც შეხვდა, მაგრამ რაღაც ინფორმაციები ბიძინამდე მივიდა და სიტუაციიდან გამომდინარე მივიდა ბიძინა ამ გადაწყვეტილებამდე, რა. იმიტომ, რომ..
ირაკლი ოქრუაშვილი: რამე ეტყობა განცხადებებს, თუ?
ვ.ხ.: არა, განცხადებებში ამბობს, რომ… მაგი მოქალაქე არის? მე მგონი არ არის.
ი.ო.: ყველა ვარიანტში იქნება, ამდენი ხანი, ამდენი ჩახუტების პირობებში მიშასთან, პასპორტი არ ექნება?
ვ.ხ.: მისცემდა მიშა?
ი.ო.: ყველა ვარიანტში მისცემდა.
აუდიო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში, 2011 წლის შემოდგომის პერიოდით თარიღდება, მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მასალებიდან, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა +" გაავრცელა, ჩანს, რომ ჩანაწერში ძირითადად 2 პირი ფიგურირებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ დრო იძებნებოდა და შესაბამისად, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ჩანაწერში ჩანს, რომ ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
აუდიო მასალა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემამ "არჩევანი" გახადა.
ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არაა. თუმცა, ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვიდან გადაცემაში ჩართვისას ფაქტობრივად, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.