საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი – ლარებში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი – ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რომ რაღაც შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში", – განაცხადა ქადაგიძემ.