ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილი და და მრჩეველი რამაზ ზოსიაშვილი 15 დღეა სამსახურში არ იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ისინი ძალიან ხშირად თბილისში იმყოფებიან, რადგან კერძო ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. თუმცა „გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამჯერად მათ შესაძლოა თანამდებობები დატოვონ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ალექსანდრე ყველაშვილს, რომელმაც განგვიცხადა, რომ თბილისში იმყოფება სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
"კი, ბატონო, თბილისში ვარ რამდენიმე დღეა. მე მაქვს ახლა შეკითხვა, სამსახურში ჯდომით საქმე უფრო გაკეთდება? ვარ მოადგილე ინფრასტრუქურის საკითხებში და ამიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ, მაქვს თუ არა მე საქმე სამინისტროებში? აქ თუ არ ჩამოვედი და არ მივხედე საქმეს ისე გამოვა რამე?"_ გვითხრა ყველაშვილმა.
რაც შეეხება მის გათავისუფებას, ამბობს, რომ ამის შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ალეკო ყველაშვილისა და რამაზ ზოსიაშვილს მიმართ სამსახურეობრივი მივლინებისთვის ოფიციალური ბრძანება არ დაწერილა. ისინი ხელმძღვანელი პირის დავალებით იმყოფებიან თბილისში.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს.
"არის ისეთი თემები, რომ უბრალოდ არ ფორმდება მივლინება, იმიტომ რომ ეს ხდება ჩვენი პირადი დაინტერესების საფუძველზე და არა ვინმეს მოწვევით, ამიტომ მივლინებას ვაფორმებთ იმ კუთხით, როცა ოფიციალურად მიწვევით მივდივართ, ამავდროულად როცა სამინისტროებში ხდება მისვლა, ახლა რამდენიმე კუთხით ჰქონდათ რამაზისაც და ალეკოსაც დავალებები, ამიტომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ"- ამბობს გამგებელი.
რაც შეეხება, იმას, რომ ისინი ხშირად სამსახურში არ იმყოფებიან, ამას გამგებელი არ ადასტურებს. მისივე თქმით, მისი მოადგილისა და მრჩევლის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.