ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება:
_ ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იან წლებში და იგივე შეცდომების დაშვებას არ ვაპირებთ. ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. სანამ მე და ჩემი გუნდი ეროვნული ბანკის სათავეში ვართ, არ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიმეორა არაერთხელ, _ განაცხადა ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
_ გაუგებარია გუშინდელი განცხადება. გუშინდელი განცხადებების კასკადამდე სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2,16 კურსით, რაც მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი სწორედ მიდის. კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. ლარი 30%-ით გაუფასურდა, რამაც გარკვეული პერიოდის მერე ასახვა დაიწყო იმპორტზე, შესაბამისად ველოდებით იმპორტის შემცირებას, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე, რაც შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ლარს სტაბილიზაციის და გამყარების ტენდენცია ექნება _ აღიშნა ქადაგიძემ.