"რუსეთი ევრაზიული კავშირით ერთიან ვალუტას, ერთიან ჯარს, ერთიან ეროვნულ ბანკს, ერთიან საგანმანათლებლო თუ საბაჟო სისტემას გვთავაზობს – ეს არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა".
ეკონომისტის შეფასება საკითხზე – თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ, ანუ რას დაკარგავს ან/და მიიღებს საქართველო რუსეთთან ალიანსით?! – "გურია ნიუსის" წამოწყება, რომელიც აღნიშნულ თემაზე მასალების სერიას ითვალისწინებს, საზოგადოებას საკითხზე პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს სთავაზობს. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძეა.
ნინო ევგენიძე: _ "თუ რუსეთი საქართველოსთან მშვიდობიან მეზობლურ დამოკიდებულებაში იქნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნებოდა. მაგრამ ადრე თუ მხოლოდ ჩვენ "გვეჩვენებოდა", რომ რუსეთი გვერჩოდა, ახლა მათი აგრესიული მიდრეკილება ოკუპაციისა და ანექსიისკენ, საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის. დასავლეთის ქვეყნების მიერ განხორციელებული სანქციებიც ამას მოწმობს, რითაც ამ ქვეყნის მზარდი აგრესიული გამოხტომების შემცირებას ცდილობენ.
2008 წლამდეც, სანამ ომი დაიწყებოდა და ზოგადად, რუსეთი საქართველოსთან ემბარგოს დააწესებდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ტვირთბრუნვა ბევრად აღემატებოდა რუსეთში ჩვენს ტვირთბრუნვას. ამის თაობაზე ჩვენ ანალიტიკური ანგარიშიც გვაქვს გამოქვეყნებული – რატომ არა ევრაზიულ კავშირს. ევროპა თავისუფალ მიმოსვლასა და ვაჭრობას, ასევე, ჩვენი ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად კარის გაღებას გვთავაზობს.
რუსეთი კი, თავის მხრივ, ევრაზიული კავშირით ერთიან ვალუტას, ერთიან ჯარს, ერთიან ეროვნულ ბანკს, ერთიან საგანმანათლებლო თუ საბაჟო სისტემას გვთავაზობს. ეს კი, არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა და რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, რატომ უნდა ანაცვალონ ამას თავისუფლება, ამის ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ. თუ რუსეთი ჩვენს მიმართ კეთილმეზობლურად იქნებოდა განწყობილი, მათი საზოგადოების მიმართ საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი გვაქვს, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. ამიტომ, ვფიქრობ, იმდენად ნათელი და მარტივია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას, ცოტა მაბრაზებს კიდეც ამ მიმართულებით საუბარი.
ევროპა და ევროკავშირი თავისუფალი ადამიანების და ერების ერთობაა და ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალსა და განვითარებას სწორედ ევროპასთან ერთად ვხედავთ. სულაც ციფრებით რომ გამოვსახოთ, 500 მილიონიან ბაზარს რატომ უნდა ვანაცვალოთ რუსეთის ბაზარი?!
რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროკავშირისკენ იოლი და ადვილი არ იქნება, რადგან ის მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღებასა და შრომაზე გადის. ეს კი, არ უნდა გვაშინებდეს – პირიქით, რადგან ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ ვიყოთ უკეთესები, მოსახლეობა უკეთ იკვებებოდეს, ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გადიოდეს. ამისთვის შრომა, გარჯა და ცოდნის მიღება ცუდი არჩევანი, წესით, არ უნდა იყოს, რადგან უფასო ამ ქვეყნად არაფერია, ყველაფერს აქვს თავის ფასი. მათ შორის იმ შრომასა და გარჯასაც, რაც ამ გზაზე დაგვჭირდება.
დღევანდელი ვითარება რუსეთში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, ჩვენი ექსპორტის თვალსაზრისით, გაუარესებულია, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზრდილია. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ამ კუთხით სასიხარულო სიგნალები გაჩნდა, ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს შესაძლებლობების გამოყენება. რა თქმა უნდა, სრულად ვერა, მაგრამ ეს ის გზა გახლავთ, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ასოცირების ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს მეტი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში. თუნდაც, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებაში. ასევე შესაძლებელია ერთობლივი – ქართულ-უცხოური საწარმოების შექმნა, რაც ფერმერებს, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დასავლური გამოცდილების გაზიარების შანსს მისცემს.
ვფიქრობ, განათლება საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში მოვიკოჭლებთ და უკანა ადგილებზე ვართ. მართალია, ფორმალურად მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება.
ამ უნიკალური შესაძლებლობის საპირწონედ, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით ცოდნისა და საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რა შეიძლება იდგეს, ვერ წარმომიდგენია".
სტატიები ამავე თემაზე: სივრცე, სადაც არანაირი არჩევანი აღარ იქნება… – სალომე ზურაბიშვილი ; თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ… – დავით ზალკალიანი