პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს გუშინ ღამით, ერთ-ერთი ტელე-არხით მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც მის კაბინეტში დეპუტატებთან გამართულ შეხვედრას "საიდულო სერობა“ უწოდეს.
"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებულ სიტუაციაზე. იმდენად შორს წავიდნენ, რომ ჩემს კაბინეტში დეპუტატებთან მეგობრულ შეხვედრას „საიდუმლო სერობაც“ კი უწოდეს. სახეზეა მცდელობა, რომ ჩვენს მიერ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თემაზე დაწყებული მსჯელობა პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიყვანონ. ამის საბაბს დეპუტატებიც აძლევენ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ მეტი კორექტულობისკენ მოვუწოდებ. ამასთანავე, მიუღებელია საერთო, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენო.
იმის ნაცვლად, რომ მედია-საშუალებებმა იმსჯელონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე, კონკრეტულ საკითხებზე და ეს საჯარო დისკუსიის საკითხი გახადონ თუნდაც დეპუტატებში, საუბრობენ მხოლოდ იმაზე, ვინ აძლევს ხმას ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და ვინ იკავებს თავს კონკრეტული მოსაზრებების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოებრივი და არც პროფესიული მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვირჩევთ სასამართლოს 10-წლიან მმართველს, ვისი არჩევის საშუალებაც სავარაუდოდ შემდგომი ორი მოწვევის პარლამენტსაც კი არ ექნება. ბუნებრივია, არსებობს კითხვები, მოსაზრებები და პირადი შეხედულებები. გასაკვირი ის არის, ვინც ასე სწრაფად და იოლად იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
რაც შეეხება უმრავლესობის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ეს ცოცხალი პროცესია და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები არ შეიძლება მოსახლეობას მიაწოდო ბუნტად ან ამბოხად რომელიმე პიროვნების ან პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს განხეთქილებას. ჩვენ ვებრძოდით ისეთ რეჟიმს, სადაც დემოკრატიულობას თამაშობდნენ და რეალურად, ერთი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი „გუნდურობის“ საჩვენებლად ერთი და იგივე დაზუთხული ტექსტებით საუბრობდნენ. ვერც იმას ბედავდნენ, რომ ვინმეს კაბინეტში ღიად და ხილულად კონკრეტულ საკითხზე, მსგავსი მოსაზრების მქონე პიროვნებები თუნდაც ყავაზე შეკრებილიყვნენ. ამაყად ვაცხადებ, რომ ეს დრო დამთავრდა.
რაც შეეხება მედია-საშუალებებს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველა ჟურნალისტის მიმართ, დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები მეტად უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს. მოხარული ვიქნებოდი, რომ ასეთივე ინტერესით იღებდნენ ტელევიზიები ჩემს კაბინეტში შემოსულ ცნობილ დემოგრაფებს, სადაც ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პრობლემაზე ვსაუბრობთ; ასევე ცნობილ ფინანსისტებს, ეკონომისტებს, ჯანდაცვის ექსპერტებს, სადაც საარსებო მინიმუმზე, საპენსიო რეფორმაზე და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებზე ვმსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ეს საკითხები ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც დიდი დოზით შუქდება პოლიტიკური თუ პირადი ინტრიგები.
მივმართავ ჟურნალისტებს: – „საიდუმლო სერობა“ ჩემს კაბინეტში თითქმის ყოველ დღე იმართება ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების დასაძლევად, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ და შემდგომ მოსახლეობას გადასცეთ მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო თემები“, _ აღნიშნულია განცხადებაში.