მსოფლიოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ფაქტები, რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. დროთა განმავლობაში ამ სახის ინფორმაციები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის ახალი კუთხით აღთქმაშიც გვეხმარება.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის უძველეს მონასტერ მონვანერესში, პირენეელი მეცნიერები ერთ საგულისხმო საბუთს წააწყდნენ. დოკუმენტი სტატისტიკური ხასიათისაა და ნაჩვენებია, თავის დროზე ესპანეთის სამეფო კარს რა თანხა დაუჯდა ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა.
ქვეყნის იმდროინდელი მბრძანებლის, მეფე ფერდინანდის განკარგულებით, ქრისტოფორე კოლუმბს ექსპედიციის მომზადებისათვის 36 ათასი პესეტა გამოეყო. მაგრამ პირველი ნაოსნობის დაწყებამდე მეზღვაურმა აღნიშნული თანხის მხოლოდ ნახევარი მიიღო. ფულის მეორე ნაწილი გაიცა მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. კოლუმბმა მიიღო პრემიაც -1600 პესეტის ოდენობით.
ნაპოვნ საბუთში მოხსენიებულია ჯილდოს ის რაოდენობაც, რომელიც დანარჩენი ორი გემის კაპიტნებზე და ნაოსნობაში მონაწილე მეზღვაურებზე გაიცა. კაპიტნები დასაჩუქრდნენ 900, ხოლო მეზღვაურები 12 პესეტით.
ამავე დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ სამეფო ხაზინას სამი კარაველას მშენებლობა 14 ათასი პესეტა დაუჯდა, ხოლო მოგზაურთა სურსათით უზრუნველყოფაზე ორი ათასი პესეტი დაიხარჯა. თუ ზემოთ ჩამოთვლილ თანხებს შევკრიბავთ, ხოლო შემდეგ გადავიყვანთ აშშ-ის დოლარებზე, მივიღებთ, რომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის ფუფუნება ესპანელებს მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდათ.
ამ ინფორმაციამ ცოტა არ იყოს სახალისო გუნებაზე დამაყენა. სად იყვნენ ჩვენი წინაპრები, შეეგროვებინათ ეს თანხა და მათი შთამომავლებიც დღეისათვის ნამდვილად რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით. სამწუხაროდ ისტორია ერთ ადგილზე არ ჩერდება, თორემ ბოლო-ბოლო რამდენიმე შადრევანით ნაკლებს გავაკეთებდით და ამერიკას ხელახლა აღმოვაჩენდით.
ქრისტოფორე კოლუმბის მიერ ინდოეთად მონათლული ქვეყანა თანდათან განვითარდა და დროთა განმავლობაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ დასავლურ პრესაში ერთი საგულისხმო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. თურმე ამერიკის პრეზიდენტების უმრავლესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა აწუხებდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა დიდ ადგილს დაიკავებდა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე “დაავადებულზე” შევჩერდებით.
ექიმების საყვარელ პაციენტთა რიგებს რონალდ რეიგანი მიეკუთვნებოდა. თავად განსაჯეთ. ამ უკანასკნელს აწუხებდა: პნევმონია, ახლომხედველობა, შარდსადენი არხების ინფექცია, სმენის დაქვეითება, კენჭები, ართრიტი, ციებ-ცხელება, ნაწლავის კიბო, კარცინომა, პროსტატა და ალცჰეიმერის დაავადება. ცოტა ბევრი ხომ არ არის და საერთოდ, როდესაც რეიგანი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი ჯანმრთელობით ვინმე თუ დაინტერესდა.
“საქსოფონისტი” და “სუსტი სქესის” მოყვარული ბილ კლინტონი შედარებით ჯანმრთელი ადამიანი იყო და მხოლოდ და მხოლოდ საყლაპავი მილის დაავადებით, კისტით, კარცინომითა და ათეროსკლეროზით თუ დაიკვეხნიდა. ბარაკ ობამას წინამორბედს, ჯორჯ ბუშ-უმცროსს, ალკოჰოლიზმი, ბუასილი, კერატოზი და ნაწლავების კეთილთვისებიანი პოლიპები აწუხებდა.
რაც შეეხება აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, მის შესახებ ინფორმაციებს ჯერ ვერ ვფლობთ, მაგრამ მისტერ ბარაკი ახალგაზრდა კაცია, მთელი ცხოვრება წინ აქვს და სხვადასხვა დასტაქრებისაკენ მიმავალ გზას ადრე თუ გვიან აუცილებლად დაადგება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დიდი ხანია გასული და იმდროინდელ ზოგიერთ გასაიდუმლოებულ ინფორმაციასაც ფარდა თანდათანობით ეხსნება. გახსოვთ ალბათ, კომუნისტური პროპაგანდა წლების განმავლობაში გვიკიჟინებდა, რომ საბჭოთა ტყვეებს გერმანელები შიმშილით ხოცავდნენ. დასავლური წყაროები პირიქით, გერმანელი ტყვეების სტალინურ ბანაკებში მძიმე ცხოვრებას ქადაგებდნენ. მაინც სად უნდა ვეძიოთ სიმართლე.
თავდაპირველად საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეებით დავიწყოთ. ომში ტყვედ 4-4.5 მილიონი მოხვდა. ფრიცები მათ დღეში სამჯერ კვებავდნენ. დილას-ერზაც ყავას პურით, სადილ-ვახშამზე კი ჭარხლის სალაფავს აძლევდნენ. იყო გამონაკლისებიც. მაგალითად სტალინის ვაჟი იაკობი დამატებით დღეში ნახევარ პურს, მარგარინს და ძეხვის ულუფასაც იღებდა.
შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები. საბჭოთა ბანაკების სუსხი 3.5 მილიონმა გერმანელმა გაიარა. ერთ გერმანელ ტყვეს დღეში შემდეგი რაოდენობის პროდუქტები ეკუთვნოდა: 600 გრამი პური, 90 გრამი ბურღული, 10 გრამი მაკარონი, 40 გრამი ხორცი, 120 გრამი თევზი, 20-20 გრამი ფქვილი, ზეთი, შაქარი და მარილი, 600 გრამი კარტოფილი. ამის გარდა მათ თვეში ეკუთვნოდათ 5 შეკვრა მახორკა, 5 კოლოფი ასანთი და 200 გრამი საპონი.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, ნათელია რომ ჰიტლერის თანამემამულეები ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ, ვიდრე მათი საბჭოთა კოლეგები. ნამდვილად არ მიკვირს ის ფაქტიც, რომ შიმშილით გერმანულ საკოცენტრაციო ბანაკებში 1.2 მილიონამდე ( 673 ათასი გერმანული მონაცემებით) ტყვე საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
გავაგრძელოთ მეორე მსოფლიო ომის თემა. ცოტა ხნის წინ ერთი საგულისხმო ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც მთელი ბრიტანეთი ღრმა შოკში ჩააგდო. თავის დროზე, 1939 წელს, როდესაც ინგლისელი მსახიობი ლოურენს ოლივიე ჰოლივუდში დარჩა, ისტორიულ სამშობლოში მას პატრიოტიზმის დეფიციტი დააბრალეს.
სინამდვილეში თურმე ეს უკანასკნელი ამერიკაში სერიოზულ მისიას ასრულებდა, რადგან ინგლისური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ყოფილა, კოდური სახელით “ მი-6”. ოლივიეს დავალებას წარმოადგენდა დაერწმუნებინა გავლენიანი ამერიკელები რათა დახმარება აღმოეჩინათ დიდი ბრიტანეთისათვის ჰიტლერთან ომში.
გაშიფრული არქივების ცნობით, ლეგენდარული მსახიობი 1940 წელს გადაიბირეს დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის პირადი მითითებით. ლოურენს ოლივიეს სპეც-დავალება ჩინებულად შეუსრულებია და შემდეგ, უკვე 1941 წლის დასასრულს სამშობლოში დაბრუნებულა და სამხედრო სამსახურიც მოუხდია ერთ-ერთ საავიაციო ნაწილში.
თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში დაფარული თემები ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ინფორმაციებს ვაწყდებით, რომ ნამდვილად გვიკვირს. რამდენიმე წელია გასული ნიუ-იორკში 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. თითქოს ამ ფაქტის ირგვლივ ყველაფერი თავის დროზე ითქვა და დაიწერა, მაგრამ ერთი დიდი საიდუმლო ცოტა ხნის წინ გაჟღერდა.
ყველამ იცის, რომ იმ საბედისწერო დღეს, ტერორისტებმა სამი თვითმფრინავი გამოიყენეს. ორი მათგანი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, მესამე კი პენტაგონს. ცნობილი გახდა, რომ ყოფილა მეოთხე თვითმფრინავიც, რომელიც 11 სექტემბერს თეთრი სახლის თავზე შეამჩნიეს. ეს ფაქტი მაშინ მიჩქმალეს. თურმე “უცნობი”, “ბოინგ ე-4ბ” ტიპის საფრენი აპარატი ყოფილა. რატომ იყო ეს ფაქტი ამდენი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული?
ექსპერტების აზრით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვებს, რომ ამ ტრაგედიაში ამერიკული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ და ეს ტერაქტი მათი შეთქმულების შედეგია. ამ ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფენ პენტაგონის მაღალჩინოსნები და სასაცილოდაც კი ეჩვენებათ.