ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2015 წლის 5 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების გეგმა დამტკიცა. გამოცემულ განკარგულებას, ხელს გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთი მოისწრაფიშვილი აწერს. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამი კი 149 900 ლარს შეადგენს.
"გურია ნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე წერდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ქეთი მოისწრაფიშვილს, ოფიციალური წერილით მივმართეთ, რაზეც გვპასუხობენ:
"2015 წლის შესყიდვების წლიური გეგმა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად წარედგინა 2014 წლის ნოემბერში. გუბერნატორის 2015 წლის 5 იანვრის #3 განკარგულებით დამტკიცდა სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა. შესყიდვების დაგეგმვა განხორციელდა დაწესებულების საჭიროებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების შეფასების საფუძველზე, დაგეგმვისას ასევე, გათვალისწინებული იქნა წინა წლების გამოცდილება", _აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.
რაც შეეხება, ჩვენს კითხვებს, შესყიდვების გეგმაში ასახულ გუბერნიის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1000 ლარის სასმელებისა და თამბაქოს, 600 ლარის სხვადასხვა საკვებისა და 1500 ლარის პირადი ჰიგიენის პროდუქტებს შეძენასთან დაკავშირებით, ასევე, სად კეთდება რემონტი გუბერნიაში და რა იგულისხმება შენობის მოწყობის სამუშაოებში, რომლისთვისაც თანხამ 14 600 ლარს შედგენა, გვპასუხობენ, რომ "სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ცალკეული შესყიდვის ობიექტების შესახებ თქვენს შეკითხვებთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის # 7 ბრძანებით დადგენილია შესყიდვების სააგენტოს იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების წესი.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, შესყიდვების ობიექტების იდენტიფიციკაციის, კლასიფიკაციისა და ერთგვაროვნების დადგენისათვის გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორები, რომელიც იყო 4 იერარქიულ დონედ, რომელთაგანც ყველაზე გამსხვილებულ დონეს წარმოადგენს დანაყოფი, რომელიც შედგება ჯგუფებისგან, ჯგუფები შედგება კლასებისგან, კლასები კი კატეგორიებისგან" _აღნიშნული ოფიციალურად მოწერილ პასუხში.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტს ირაკლი პაპავას მიაჩნია, რომ თუკი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმას (დამტკიცებულია გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 05 იანვრის #3 განკარგულებით) წმინდა ფორმალური თვალსაზრისით მივუდგებით, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.
"საქმე ისაა, რომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის #7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესიდან" გამომდინარე, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრირებულ შესყიდვების გეგმაში მონაცემების შეტანა ხორციელდება სწორედ ძირითადი დანაყოფების კოდების მიხედვით (რომელიც, თავის მხრივ, კლასიფიკატორის ყველაზე გამსხვილებულ იერარქიულ დონეს წარმოადგენს) და ამ სტადიაზე უფრო მეტი კონკრეტიკა მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო არაა",_აღნიშნავს პაპავა, რომლის განმარტებითაც გუბერნატორის ადმინისტრაციის (და არა მარტო მისი) ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის შეფასების მხრივ ბოლო სიტყვა მაინც საზოგადოებას ეკუთვნის.
"მეორე საკითხია საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის შეფასება. ასე, მაგალითად, თუ თავად გუბერნატორის ადმინისტრაცია შეიძლება თვლიდეს, რომ წლის განმავლობაში მას 1500 ლარის ღირებულების „პირადი ჰიგიენის პროდუქტები" (დანაყოფის კოდი – 33700000), 1000 ლარის „სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები" (დანაყოფის კოდი – 15900000) და ასევე 1000 ლარის „გასანათებელი მოწყობილობები და ელემენტები" (დანაყოფის კოდი – 31500000) ესაჭიროება, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის შეფასებით, შესაძლოა, ეს თანხები შეუსაბამოდ დიდი და მიზანშეუწონელი ჩანდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში არაა დაკონკრეტებული შესასყიდი ობიექტების დაწვრილებითი ნუსხა. ასეა თუ ისე, გუბერნატორის ადმინისტრაციის (და არა მარტო მისი) ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის შეფასების მხრივ ბოლო სიტყვა მაინც საზოგადოებას ეკუთვნის, რომელსაც საკუთარი დასკვნები თავადვე შეუძლია გააკეთოს" _აცხადებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი "გურია ნიუსთან".
ამავე თემაზე: 1 000 ლარი სასმელებსა და თამბაქოსთვის – რისთვის რამდენი დახარჯა გურიის გუბერნიამ