უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის, ამავე სასამართლოს კოლეგიის და მისი შემადგენლობის, ასევე, უზენაესი სასამართლოს პლენუმის რეფორმირება უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების რეფორმების კომისიას ეკუთვნის, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს.
ცვლილების მიხედვითაც, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის და მისი შემადგენლობის, ასევე, უზენაესი სასამართლოს პლენუმის რეფორმირებას.
კანონპროექტის ავტორები პარლამენტს სთავაზობენ, მკაფიოდ გაიწეროს უზენაეს სასამართლოში საქმეების დასაშვებობის კრიტერიუმები, მოსამართლეთა რაოდენობა და მათი პროფესიული გამოცდილება.
კერძოდ, შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 იქნება. მოქმედი რედაქციით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს; პლენუმის გადაწყვეტილებით, დღეს უზენაეს სასამართლოში 16 მოსამართლე უნდა იყოს, თუმცა სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაც.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესთან დაკავშირებით, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის, ხოლო ადვოკატად ან/და პროკურორად საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.
გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის არაუმეტეს 1/4 შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არის სამართლის დარგის გამოჩენილი სპეციალისტი და მისი პროფესიული გამოცდილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს პალატების, გარდა დიდი პალატისა და სადისციპლინო პალატისა, ის კოლეგიებისაგანაც უნდა შედგებოდეს.
"უზენაეს სასამართლოში საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლოს კოლეგია შედგება 3 ძირითადი და 2 სათადარიგო მოსამართლისაგან.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიის ძირითადი მოსამართლის არ ყოფნის შემთხვევაში (მივლინება, ავადმყოფობა და სხვა საპატიო მიზეზი) საქმის განხილვაში შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ ამავე კოლეგიის სათადარიგო მოსამართლე.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიის ძირითადი მოსამართლის არ ყოფნის შემთხვევაში სათადარიგო მოსამართლის შერჩევა უნდა მოხდეს ამავე კოლეგიის სათადარიგო მოსამართლისაგან ანბანური რიგითობის მიხედვით.
თუ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის ძირითად და სათადარიგო მოსამართლეთა არ ყოფნის შემთხვევაში, კოლეგიის შემადგენლობაში 3 მოსამართლეზე ნაკლები აღმოჩნდა, დამატებითი სათადარიგო მოსამართლის განსაზღვრის საკითხს წყვეტს უზენაესი სასამართლოს პლენუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიის სათადარიგო მოსამართლე თავის მხრივ არის სხვა კოლეგიის ძირითადი მოსამართლე. ამასთან, ერთი მოსამართლე შეიძლება იყოს რამდენიმე კოლეგიის სათადარიგო მოსამართლე“, _ აღნიშნა კანონპროექტის წარდგენისას მართლმსაჯულების რეფორმირების კომისიის წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა.
როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, თუ სასამართლო სისტემაში რეფორმები არ გატარდება, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება გართულდება.
"არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ შემოთავაზებული წინადადებები იდეალურია, თუმცა, რეფორმის გარეშე ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, შეუძლებელი იქნება“, _ აღნიშნა კანონპროექტის პრეზენტაციისას სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.
კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატების ნაწილმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მათი შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, განისაზღვროს და ამასთანავე გაფართოვდეს უზენაეს სასამართლოში საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლეთა რიცხოვნობის გაზრდის აუცილებლობაზეც შეიძლება საუბარი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილთა მოსაზრებით, მკაფიოდაა გასაწერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი სამი მოადგილის უფლებამოსილებები.
როგორ შეხვედრისას აღინიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდა მენეჯერული საქმიანობისა, საქმეთა განხილვაშიც მონაწილეობდეს. რასაც დამსწრეთა უმრავლესობაც დაეთანხმა.
GIZ-ის წარმომადგენლის ეთერ ჩაჩანიძის მოსაზრებით, გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, მართლმსაჯულების ხარისხის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები მეტად დასაბუთებული იყოს.
ადვოკატთა კორპუსის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს ეთანხმებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
როგორც კობახიძემ შეხვედრისას აღნიშნა, ყველა საკითხის კონსტიტუციაში გაწერა აუცილებელი არ არის, თუმცა ცვლილებები ორგანულ კანონში უნდა ჩაიწეროს.
"ყველაფრის კონსტიტუციაში ჩაწერა სავალდებულოდ არ მიმაჩნია. ეს სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. თუმცა, ორგანული კანონით დარეგულირების წინააღმდეგი არ ვარ და ამას მხარს პარლამენტშიც დავუჭერ. დღეს არსებული სიტუაციით, გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან ფულს იხდიან, სათანადო შედეგს კი ვერ იღებენ.
ამასთანავე, მაშინ, როდესაც არ არის უზენაესი სასამართლოს როლი განსაზღვრული, მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას აზრი არ აქვს.
კიდევ ერთი პრობლემა საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმებია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ამ კრიტერიუმების შემოღების შემდეგ ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ საქმეების უმეტესობის დაუშვებლად ცნობისას იცვლება მხოლოდ მოსამართლის გვარი, სასამართლოს დასახელება და თარიღი, დანარჩენი ტექსტი შაბლონია, რის გამოც საქმეს სასამართლო დაუშვებლად ცნობდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ სასამართლოს როლზე უნდა ვიმსჯელოთ და აქედან გამომდინარე სხვა საკითხებზეც“, _ აღნიშნა კობახიძემ.
სასამართლო სისტემის რეფორმირებას აუცილებლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძეც, თუმცა როგორც შეხვედრისას მან აღნიშნა, ადვოკატთა კორპუსის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს პროექტთან უნდა შეჯერდეს.
"ადვოკატებს ძალიან კარგი პროექტი აქვთ წარმოდგენილი, რის განხორციელებასაც მხარს ვუჭერ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იუსტიციის სამინისტროს პროექტთან უნდა იყოს შეჯერებული. ამით საქმე პარლამენტსაც გაუადვილდება და რეფორმაც უფრო ეფექტური იქნება. რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს, ეს დიდი ხნის წინ უნდა დაგვეძლია, თუმცა გვიანი ახლაც არ არის. მოსამართლეთა რაოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში კვლავ პრობლემად რჩება. კიდევ ერთი პრობლემა კი სამართალწარმოების საკითხია, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა დამთავრდეს და ევროპული სასამართლო აღარ გვჭირდებოდეს“, _ აღნიშნა გვენეტაძემ.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსთან და პარლამენტთან თანამშრომლობა გაგრძელდება, საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოო ვერსია კი, სავარაუდოდ, მაისისთვის ჩამოყალიბდება.