თითქმის ერთი თვეა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ალექსანდრე ყველაშვილი სამსახურში არ იმყოფება.
ადგილზე არ არის გამგებლის მრჩეველი, რამაზ ზოსიაშვილიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სოფლებში შეხვედრებს მართავს, რასაც არცერთხელ არ დასწრებია მისი მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში, ყველაშვილი.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე და მრჩეველი თანამდებობების დატოვებას აპირებენ, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.
ირღვევა თუ არა კანონი იმით, რომ გამგებლის მოადგილე და მრჩეველი 1 თვეა, სამსახურში არ იმყოფებიან, თუმცა ოფიციალურად მათ პოსტი არ დაუტოვებიათ და შესაბამისად თანამდებობრივ სარგოებს იღებენ?
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „გურია ნიუსთან" ამბობს, ამაზე საუბარი მოცემულ სიტუაციაში რთულია, ვინაიდან არ არსებობს პასუხი _ ისინი სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებიან, თუ დაკავებული პოზიციების დატოვებას აპირებენ და ამიტომ არ დადიან სამსახურში.
"თუ ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად არის წასული, ეს ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ თუ თანამდებობის პირი არ ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, მაშინ გამგებელმა უნდა ახსნას, არტომ არ იყენებს დისციპლინურ ღონისძიებას", _ ამბობს ალაფიშვილი.
თუმცა, "გურია ნიუსმა" მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ შეკითხვებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის პასუხი ვერ მოიპოვა.
რაც შეეხება თავად ალექსანდრე ყველაშვილს, მისი მტკიცებით ის სამსახურში დადის.
"თქვენ ჩემი შემოწმება ხართ? რატომ მაკონტროლებთ? აქ ვარ, ოზურგეთში და თქვენ ვინ გაწვდით ასეთ ინფორმაციას, საინტერესოა… კაბინეტში რომ ვიქნები, აუცილებლად დაგირეკავთ. ახლა სოფლის მეურნეობის აიპში საქმეები მაქვს. მე სამსახურეობრივ მოვალეობას ღამეც ვასრულებ. გუშინაც სამსახურში ვიყავი და დღესაც", _ ამბობს ყველაშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით, აღნიშნული აიპის დირექტორს, შალვა შავიაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ყველაშვილი არც გუშინ და არც დღეს არ უნახავს.
მის სამსახურში ყოფნას არ გუშინ და დღეს, ისევე როგორც რამდენიმე დღის განმავლობაში, არ ადასტურებს გამგებლის თანაშემწე ვასილ ქარჩავა.
"დღეს და გუშინ ნამდვილად არ დამინახავს ალეკო, არც გამიგია მისი ყოფნის შესახებ რაიმე. სხვა დღეებში რომ არ იყო, ეს ნამდვილად ვიცი."
იმას, რომ ყველაშვილი სამსახურში არ გამოცხადებულა რამდენიმე დღეა, ადასტურებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძეც.
ამის შემდეგ, "გურია ნიუსმა" გადაწყვიტა ადგილზე, ყველაშვილის სამუშაო კაბინეტთან მისულიყო, სადაც მოადგილე არ დაგვხვდა და სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ დაახლოებით 2 საათში დაბრუნდებოდა სამსახურში. მოგვიანებით კი გვთხოვა, თუ რაიმე შეკითხვები გვქონდა სატელეფონო ინტერვიუ შემდგარიყო.
მოგვიანებით ყველაშვილმა ისიც გვითხრა, რომ ის მივლინებაში იყო, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ ისიც, რომ მასზე მივლინება გამოწერილი არ ყოფილა.
"მერე რა, რომ მივლინება გამოწერილი არ ყოფილა? მე მაქვს უფლება, გამგებლის დავალებით წავიდე, სადაც მინდა. მაქვს უამრავი საქმე, ის, რომ ჟურნალისტებმა გვამოწმონ, სად გადავაადგილდებით და რას ვაკეთებთ, არაეთიკურია."
რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების უფროსს ეკატერინე მგელაძეს, მისი მტკიცებით, ყველაშვილი სამსახურში დადის:
"ბატონო ალეკო დღეს სამსახურში იყო. გადასულია აიპში, სოფლის კრებაზე ვერ მივიდა, რადგან სხვა საქმითაა დაკავებული."