თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს, ამიტომ, რა წერია დეკლარაციაში და შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს, არავინ ამოწმებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბრის #557-2 დადგენილების მიხევდით, აიღო ვალდებულება, ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის და არც ის იციან, გეგმის შემუშავება 2015 წლის ბოლომდე მოესწრება თუ არა.
დეკლარაციების მკაცრად გაკონტროლების საჭიროების საკითხს მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უკვე დიდი ხანია აყენებენ. განსაკუთრებით კი, ამაზე საუბარი 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. თუმცა, სახელმწიფოში ჯერჯერობით კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.
რატომ არ წერია თანამდებობის პირების შვილები დეკლარაციებში
"მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია კაჭარავა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დეკლარაციებს არასრულად ავსებენ.
მისივე ინფორმაციით, სამივე მათგანს დეკლარაციაში საკუთარი შვილები არ უწერიათ, თუმცა, გარდა ამისა, კაჭარავა პრობლემად მიიჩნევს იმ საკითხს, რომ აღნიშნული თანამდებობის პირების შვილები საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები.
"დიმიტრი ხუნდაძის დეკლარაციებში (დეკლარაცია 2012 წლის, დეკლარაცია 2013 წლის) შვილი, თინა ხუნდაძე მითითებული არ არის. ის მცხეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილეა. მცხეთის მერს, ავთანდილ ნემსიწვერიძე 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში შვილი – ანა ნემსიწვერიძე არ ჰყავს მითითებული. ის მცხეთის მერიის პრესსამსახურში მუშაობს. ასევე არ არის შვილი ალექსანდრე აბესაძე მითითებული მცხეთის გამგებლის, ზურაბ აბესაძის 2013 და 2014 წლების დეკლარაციებში. რატომ მალავენ ეს პირები საკუთარ შვილებს, პასუხს არავინ გვცემს", _ აცხადებს კაჭარავა.
მისივე თქმით, პრობლემა ისიც არის, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ აბესაძის შვილი ალექსანდრე აბესაძე რამდენიმე სამშენებლო კომპანიას ფლობს, მისივე ინფორმაციით, ეს კომპანიები მცხეთის გამგეობისა და მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან.
"ზურაბ აბესაძის შვილი ალექსანდრე აბესაძე ფლობს შპს "მზიური-XXI+”-სს, შპს "ბაგინეთი 2011"-ს, შპს "მედიმპორტს", შპს "არმაზს", სააქციო საზოგადოება "მშენებელს". ამ კომპანიებთან დაკავშირებით, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსა და კონკურსებში, ან იყო თუ არა რომელიმე მათგანი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორი, საჯარო ინფორმაცია მცხეთის მუნიციიპალიტეტის საკრებულოდან გამოვითხოვეთ. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გურამ ანსიანმა იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, საქმე მოსაკვლევად პროკურატურაში გადააგზავნა, თუმცა რამდენიმე თვეა საგამოძიებო უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია", _ აცხადებს კაჭარავა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გურამ ანსიანის 2014 წლის 6 ოქტომბრის წერილში აღნიშნულია, რომ "მზიური-XXI+”-ს, შპს "ბაგინეთი 2011"-ს, შპს "მედიმპორტს", შპს "არმაზს", სააქციო საზოგადოება "მშენებელს" 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე, ამ კომპანიებთან არ გაფორმებულა ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის წესით. რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ აბესაძის მიერ საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებას, მასალები რეაგირებისთვის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა", _ ნათქვამია წერილში (იხ. თანდართული ფაილები).
როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, საქმეზე მოკვლევა ისევ მიმდინარეობს, მის დასრულებამდე კი, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
მცხეთის რაიონის გამგებელი ზურაბ აბესაძე აცხადებს, რომ მან დეკლარაციის შევსებამდე კონსულტაციები საჯარო სამსახურის ბიუროს იურისტთან გაიარა.
"ამაზე საჩივარი ადრეც დაიწერა, თითქოს ერთი შვილი ალექსანდრე აბესაძე დავმალე და დეკლარაციაში არ ჩავწერე. პირველ დეკლარაციაში მივუთითე რომ ჩემთან ცხოვრობდა და ჩავწერე კიდეც. თუმცა, ახლა ცოლი შეირთო და ცალკე ცხოვრობს. ამიტომ აღარც შვილი ჩავწერე მომდევნო დეკლარაციაში და აღარც ბინა, სადაც ის ცხოვრობს. მანამდე კონსულტაციები გავიარე იურისტთან, რომელმაც მითხრა, რომ პირი, რომელიც დეკლარაციაში უნდა მივუთითო ჩემთან მუდმივად უნდა ცხოვრობდეს, ჩემი შვილი კი ჩემთან არ ცხოვრობს", _ ამბობს აბესაძე და დასძენს, რომ "გოგონა თუ გათხოვდა, მაგასაც დავმალავ".
რაც შეეხება მისი შვილის მფლობელობაში მყოფი შპს-ებისა და სააქციო საზოგადოებების მცხეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას, აბესაძე ამბობს, რომ ეს ტყუილია და მისი შვილის კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
"მე თავად მქონდა სამშენებლო კომპანია, მაგრამ საჯარო სამსახურში წასვლის შემდეგ გადავაფორმე ჩემს შვილზე და ის დავნიშნე დირექტორად, თუმცა, მას ტენდერში მონაწილეობა და გამარჯვება კი არა, სურვილიც არ დაუფიქსირებია, რომ მონაწილეობა მიეღო. ჩემი შვილის კომპანია ბეტონს აწარმოებს და ყიდის. მასთან ვინ მივიდა ბეტონის საყიდლად მე არ ვიცი. ის თვითონ არ არის მსენებელი, მე ვიტყავი", _ აცხადებს აბესაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, გამოძიების შედეგი, რომელსაც მთავარი პროკურატურა აწარმოებდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მისთვის უცნობია.
"გავიდა ინფორმაცია, შვილი დამალა და დაკლერაციაში არ ჩაწერაო; იჩივლეს. რას ჰქვია შვილის დამალვა? თუ გამაბრაზეს ორივეს დავმალავ. არ ვიცი დაამთავრა თუ არა პროკურატურამ მოკვლევა. დაკითხული ვარ. ჩვენება მივეცი, მაგრამ პასუხი ჩემთვის არ უცნობებიათ", _ ამბობს აბესაძე.
არღვევს თუ არა საჯარო მოხელე კანონს
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მცხეთის გამგებელს, ზურაბ აბესაძეს არანაირი ვალდებულება არა აქვს, მასთან არმცხოვრები შვილი დეკლარაციაში შეიტანოს.
"არათუ საწარმოს, ან ქონების შესახებ ინფორმაცია, არამედ, ზოგადადაც, არ მიუთითოს რომ მას მეორე შვილი ჰყავს", _ ამბობს ლობჟანიძე.
რაც შეეხება თანამდებობის პირის შვილის კომპანიების ტენდერებში მონაწილეობას, ლობჟანიძე აცხადებს, რომ "ეს სულ სხვა თემაა და დეკლარაციებთან დაკავშირებული არ არის".
"ჩვენ მისი ოჯახის წევრის მიმართ რომ არ ყოფილიყო რაიმე ინფორმაცია დაფიქსირებული, ეს იქნებოდა კანონდარღვევა. რაც შეეხება იმას, რომ მას ჰყავს ახლო ნათესავი, რომლის საქმიანობაც შეუთავსებელ საქმიანობასთანაა დაკავშირებული ჩვენს უფლებამოსილებას ცდება. კონკრეტულად, ზურაბ აბესაძის შვილზეა საუბარი, რომელიც მისი ნათესავი არ არის და მასთან არ ცხოვრობს. არანაირი მექანიზმი არა გვაქვს იმისა, რომ ვაკონტროლოთ შეუთავსებლობის საკითხები ან კორუფციის რისკების საკითხები", _ აცხადებს ლობჟანიძე.
საიას იურისტი სოფიო ჭარელი "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ ოჯახის წვერის დეფინიცია საკმაოდ მწირია, ის მხოლოდ არასრულწლოვან და მასთან მუდმივად მცხოვრებ სრულწლოვან შვილზე ვრცელდება, ამიტომ, საჯარო მოხელე, რომელსაც დეკლარაციაში საკუთარი სრულწლოვანი, მასთან არმცხოვრები შვილი არ უწერია, კანონს არ არღვევს.
"საჯარო მოხელეს, რომელიც ფინანსურ დეკლარაციას ავსებს, კანონი არ ავალდებულებს, რომ დეკლარაციაში მან მასთან მუდმივად არ მცხოვრები პირი თუნდაც ეს შვილი იყოს, ჩაწეროს. "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-4 მუხლში აღნიშნულია, რომ დეკლარაციაში საჯარო მოხელე წერს არასრულწლოვან შვილს, გერს და მასთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრებს", _ ამბობს ჭარელი.
რაც შეეხება მცხეთის გამგებლის, ზურაბ აბესაძის შვილის, ალექსანდრე აბესაძის კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ჭარელი განმარტავს, რომ "ქვეკონტრაქტორი კომპანიების შემთხვევაში, არცერთი მუხლი არ არის ისეთი, რომელშიც აღნიშნულ ქმედებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს".
"თუმცა, "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-10 მუხლში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან ან ახლობელთან ქონებრივი გარიგება დადოს, როგორც საჯარო მოხელემ. ახლო ნათესავებში კი შვილის შედის, რადგან აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებზეა საუბარი, რაც რა თქმა უნდა, შვილსაც მოიცავს და მხოლოს ოჯახის წევრებით არ არის შემოფარგლული. თუმცა, პრობლემა იქნება ის ფაქტი, რომ ტენდერში სხვა კომპანიაა გამარჯვებული, ქვეკონტრაქტორი კი სხვაა.
ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო მოხელე ან საჯარო დაწესებულება გარიგებას დებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და არა ქვეკონოტრაქტორთან. ვერ გეტყვით რომ აქ პირდაპირი დარღვევა იკვეთება, თუმცა, შეიძლება იმაზე საუბარიც, რომ ქვეკონტრაქტორად ასეთი კომპანიების გამოყენება ერთგვარი ხრიკი და კანონდარღვევის თავის არიდებაა, რეალურად კი შედეგი იგივე დგება. რაც არასწორი პრაქტიკაა", _ აღნიშნავს ჭარელი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმის გამოძიება დაიწყება, შედეგი მაინც ვერ დადგება.
"არცერთ შემთხვევაში არ დადგება პასუხიმგებლობის საკითხი. პასუხი იქნება ის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გადასაწყვეტია, ვინ იყოს მისი ქვეკონტრაქტორი. ანუ ვერ გამოკვეთთ მამის როლს, რომ შვილი დაასაქმოს ამ საქმიანობაში. პრობლემა ის არის, რომ კანონი ქვკონტრაქტორებს არ მოიცავს. მასში საუბარია მხოლოდ კონტრაქტორ კომპანიაზე. კანონი უფრო ფართო უნდა იყოს. ფაქტიურად, თუ ამ შემთხვევაში საქმე მართლაც ასეა, გამოდის, რომ საჯარო მოხელემ თავის თავზე მოირგო კანონი", _ აცხადებს იურისტი.
პრობლემა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ქვეყანაში არ არსებობს, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების შევსების ვადების კონტროლი და მისი გამოქვეყნების ვალდებულება აქვს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მკვლევარი გოგა თუშურაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რთულია დადგენა, დეკლარაციებში ინფორმაციის არასწორად შეტანა მექანიკურად ხდება თუ მიზანმიმართულად.
"ამის მონიტორინგი უნდა ჩაატაროს საჯარო სამსახურის ბიურომ. თუ რაიმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, მაშინ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურას აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ იქ შესულ განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ზომები მიიღოს. სხვა მექანიზმი არ არსებობს", _ ამბობს თუშურაშვილი.
გარდა ამისა, ფინანსური დეკლარაციების მკვლევარი აცხადებს, რომ დეკლარაციების წარდგენის წესსა და მასში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, თუმცა, სანამ მონიტორინგის სისტემა არ ამოქმედდება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
"რამდენიმე თანამდებობის პირის, მათ შორის, ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის დეკლარაციაში არ იყო სრულყოფილად მითითებული 2013 წლის შემოსავლები. ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ირკვეოდა, რომ მას გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა მიღებული, ვიდრე დეკლარაციაში იყო ნაჩვენები. ერთია, დეკლარაციის შევსება და მეორე, როგორ ასრულებენ ამ ვალდებულებას, ან არის თუ არა ეს მონაცემები სიმართლესთან ახლოს.
არა გვაქვს წვდომა თანამდებობის პირების საბანკო სესხებზე, ამას სპეციალური ორგანო სჭირდება გადასამოწმებლად და უზრუნველყოს რომ მონაცემი რეალური იყოს. როცა ამ შემთხვევაში არის დარღვევები, არის საფრთხე იმისა, რომ სხვა პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებითაც იყოს დარღვევები", _ ამბობს თუშურაშვილი და დასძენს, რომ დეკლარაციის დაგვიანებით შევსებისთვის თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული ჯარიმები, კანონმდებლობით არსებობს, თუმცა, რამდენად ახდენს ამის მონიტორინგს საჯარო სამსახურის ბიურო, ძნელი სათქმელია.
"ვერ დააკისრებ ჯარიმას თანამდებობის პირს, თუ არ იარსებებს ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას შეამოწმებს და კანონმდებლობის დარღვევას აღმოაჩენს. გამოვითხოვეთ ინფორმაცია, როდესაც თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილმა საჯარო მოხელემ კანონით დადგენილ 2 თვის ვადაში დეკლარაცია არ შეავსო, სულ რამდენი ასეთი ფაქტი დაფიქსირდე. სულ 9 შემთხვევა გვქონდა და ისინი 2000-ლარით დაჯარიმდნენ. ძირითადად ეს ეხებოდა საკრებულოებისა და გამგეობის თანამდებობის პირებს. თუმცა არ გვქონია შემთხვევა, რომ დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანისთვის ვინმე დაეჯარიმებინოთ", _ ამბობს თუშურაშვილი.
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე აცხადებს, რომ დეკლარაციების დეპარტამენტს და საერთოდ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია.
"ჩვენს უფლებამოსილებას დეკლარაციების შევსების ვადების კონტროლი და მათი არწარდგენის შემთხვევაში რეაგირება განეკუთვნება. ასევე ტექნიკურად სწორად შევსების კონსულტირება და მათ მიერ შევსებული დეკლარაციების საჯაროობა", _ აღნიშნავს ლობჟანიძე.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "დეკლარაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ამის შესახებ ბიუროს უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც არ ათავისუფლებს მას დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევევს დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანაც", _ აღნიშნულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. თუმცა, გაუგებარია, როგორ დგება თანამდებობის პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანისას, თუ კონტროლის მექანიზმი ბიუროს არ აქვს.
გამოსავალი
დეკლარაციების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი სპეციალური უწყების შექმნაა, რომელიც დეკლარაციების სიზუსტეს შეამოწმებს.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე აცხადებს, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება დღის წესრიგში ისევ დგას, თუმცა როდის შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ვერ ამბობს.
"ამ საკითხზე ვმუშაობთ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჯერ მხოლოდ მოდელზე ვმუშაობთ. გადავწყვიტოთ მონიტორინგის განხორციელება და არ ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ძალიან ძნელია. მოდელზე ვმუშაობთ. მაგრამ როდის დასრულდება ეს პროცესი, ვერ გეტყვით", _ აცხადებს ლობჟანიძე.