ა(ა)იპ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის" ყოფილ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს ქალაქ ოზურგეთის მერიის ბიუჯეტიდან 18 აგვისტოდან 1 დეკემბრის ჩათვლით, განაცდური ხელფასის სახით 2020 ლარი ჩაერიცხა.
აღნიშნული მერიას ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ დაავალა, როცა მურთაზ აბაშიძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონს" ახალი დირექტორი მამუკა გოგუაძე ჰყავს, რომელმაც ასევე მიიღო ხელფასი ბიუჯეტიდან. ანუ, ერთიდაიმავე პერიოდში მოქმედ და ყოფილ დირექტორებს ხელფასი ერიცხებოდათ.
ოზურგეთის მერიაში ამბობენ, რომ აბაშიძისთვის ამჟამად ხელფასის დარიცხვა არ ხორციელდება.
რამდენად მართებულია ბიუჯეტიდან ერთიდაიმავე შტატზე ორ პირს მისცენ ხელფასი, იურისტი ლევან ალაფიშვილი, გვპასუხობს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია.
“ერთს ინახავდა ბიუჯეტი, ხოლო მეორესთან მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, იმ გადაწყვეტილების, რომელიც სასამართლომ მიიჩნია კანონშეუსაბამოდ, რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ორი ადამიანისთვის ხელფასის გადახდა, ამაზე მსჯელობის შეფასებისთვის ადგილი აღარ რჩება, რადგან ბუნებრივია უფლებამოსილმა პირმა დაარღვია კანონი, ასე ამბობს სასამართლო, ამიტომ მოხდა უფლებების აღდგენა, მათ შორის ფინანსური, მეტი კომენტარისთვის აქ სხვა ადგილი არ რჩება.“