ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ინგა დუმბაძის ინფორმაციით, ოზურგეთში განხორციელდა პირდაპირი ინვესტიცია, (აზერბაიჯანელი ინვესტორის მეშვეობით), 200 ათასი დოლარის ფარგლებში. ინვესტორმა გურამიშვილის ქუჩაზე შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა ააგოს თხილის გადამამუშავებელი საწარმო. შემდეგ იქ, სეზონზე 200 ათასი ტონა ნედლეულის გადამუშავება მოხდება.
ინგა დუმბაძემ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა და განმარტა, რომ ინვესტორის შემოყვანა თვითონ და მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორებმა შეძლეს, დაარწმუნეს ის, რომ ქვეყანაში არის ლიბერალური საინვესტიციო გარემო და ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის თანაბარი პირობები.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ აღნიშნულ განცხადებას კომენტარი მოაყოლა:
_ კარგია ეს ყველაფერი, თუმცა თხილის რეალიზაცია ნაკლებად ჭირს ჩვენთან, ვიდრე ციტრუსოვანების და უკეთესია ამ კუთხით მუშაობა, _ თქვა მან.