თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, გიორგი გაგოშიძე მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გადავა, რომელსაც ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობს.
"იმ მიზნით მოვედით მთავრობის სხდომაზე, რომ ველოდით მთავრობის განახლებული შემადგენლობის მიმართ რაიმე ახალი დავალებისა და ახალი მიმართულებების მიცემას. ასევე ველოდით მათი მხრიდან რაღაც სიახლეს, მაგრამ ეს ვერ მოვისმინეთ. მოწმე გავხდით, როგორც ჩვენ ვპროგნოზირებდით, კიდევ ერთი სამსახურის უფროსის "ხავერდოვანი წესით" გადაყენების, რომელმაც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ეს არის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი გაგოშიძე", _ აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.