"თებერვალი საკმაოდ იმედიანი თვე იყო", _ ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს თებერვალში ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, თებერვალში ტენდენცია იყო ძალიან საინტერესო- 10%-ით არის გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვები, განთავისუფლებული ბრუნვები კი – 41%-ით. გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა.
"თუ შარშან დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ. 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 165 მილიონი ლარით მეტი. ასევე 123 მილიონი ლარით გაზრდილია საბოლოო ნაშთი, ეს არის 478 მილიონი ლარი, აქედან 272 მილიონი არის განთავსებულია კომერციულ ბანკებში", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.