გასული წლის 23 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, რომელიც რაიონში საპირფარეშოს აშენებას გულისხმობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას 63. 300. 00 ლარს შეადგენდა.
ტენდერში მონაწილეობას 2 პირი – გოგი კვარაცხელია 61. 641.00 ლარით და მანუჩარ ნაჭყებია 61. 403.00 ლარით ღებულობდნენ.
ტენდერში პირველადი მონაცემებით სწორედ მანუჩარ ნაჭყებიამ გაიმარჯვა და მან მშენებლობაც დაიწყო, თუმცა თითქმის დასრულებული საპირფარეშო, რომლის აშენებაც ნაჭყებიას 61 000 ლარზე მეტი უჯდებოდა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაანგრია.
საქმე ისაა, რომ როგორც "გურია ნიუსთან" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა განმარტავს, მართალია ტენდერში გამარჯვებულად ნაჭყებია გამოცხადდა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას დამატებით, გარკვეული დოკუმენტაციების წარდგენა მოსთხოვა, რაც მან ვერ შეასრულა, შესაბამისად მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდა.
ნაჭყებიამ კი, ხელშეკრულების გარეშე დაიწყო მშენებლობა, რაც ნიშნავს, რომ ის უკანონო მშენებლობას აწარმოებდა.
სწორედ ამის შემდეგ, როგორც გულორდავა ჩვენთან საუბარში ამბობს, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც ლაშა კვარაცხელია ხელმძღვანელობს ის 2 000 ლარით დააჯარიმა და თითქმის აშენებული (იხ ფოტო) საპირფარეშოც დაანგრიეს.
(ასე გამოიყურებოდა საპირფარეშო, რომლის დემონტაჟიც მოხდა)
საბოლოოდ, ტენდერში გამარჯვება გოგი კვარაცხელიას ერგო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხარჯთაღრიცხვა 60 059 ლარს შეადგენდა. ამ შემთხვევაში კვარაცხელიამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საპირფარეშო აშენდა. თუმცა, ის ჯერ ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჩაუბარებია.
როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი "გურია ნიუსთან" ამბობს, ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლადაშენებულ საპირფარეშოს პანდუსები, შშმ პირების გადაადგილებისთვის საჭირო დეტალი არ აქვს (იხ ფოტო – საპირფარეშო დასრულებული სახით). ეს კი ნიშნავს, რომ ის ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ახალი ნაგებობის ჩაბარებისთვის საჭირო საერთაშორისო სტადარტების ქონას გულისხმობს.
იმას, რომ საპირფარეშოს პანდუსები არ აქვს, არ ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი. მათი მტკიცებით აქ ორი მხრიდან გაკეთდა ბილიკები და შშმ პირებისთვის სპეციალური კაბინაც მოეწყო.
არის კიდევ ერთი დეტალი – "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველი, უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის არა გარეუბანში, არამედ ცენტრში მიმდინარეობდა და ამაზე პროტესტი არავის გამოუთქვამს მაშინაც კი, როცა ნაგებობა თითქმის დასრულებული იყო. თუმცა შემდეგ ის უკანონოდ სცნეს და მისი დემონტაჟი მოახდინეს. ამაზე წალენჯიხის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში არაფერს ამბობენ.
სწორედ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას ჩვენთან საუბრისას ადგილობრივებიც.
"წალენჯიხა ის მუნიციპალიტეტია, რომლის ბოლო 12 წლის ყველაზე დიდი მიღწევა ქალაქის მოწესრიგებული ცენტრია. ანუ, ასფალტი დააგეს და გზა დახაზეს. დანარჩენი, რა ხდება ზოგადად, სოციალური ფონი, ეკონომიკა, განათლება, კულტურა, კატასტროფაა.
წალენჯიხაში რომ ისტორიებს გაიგებ, კაფკას ვერც დაესიზმრებოდა ყველაზე უცნაური ისტორიის აღსაწერადაც.
ერთ-ერთი ანეკდოტური სიტუაცია წალენჯიხის ტუალეტთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით 50-60 კვადრატული მეტრია, შენდება არც ვიცი რამდენი თვეა, კომუნისტების დროინდელი შენობა დაანგრიეს, ზუსტად იგივე 61 ათასად ააშენეს, მერე რაღაც სტანდარტების დაუცველობის გამო დაანგრევინეს იმას, ვინც აშენებდა და ხელახლა ააშენეს ზუსტად იგივე, რომელზეც საერთო ჯამში ასი ათასზე მეტი დაიხარჯა.
მოკლედ, ანეკდოტი შემდეგშია, როგორც გამგეობა ამბობს, პირველი მშენებლობა ერთმა ტიპმა უნებართვოდ დაიწყო, ანუ, ვიღაცას მოუნდა და ისე, რომ საბუთები არ იყო გაფორმებული, სახელმწიფოს კუთვნილება დაანგრია და ააშენა ახალი საკუთარი ინიციატივით, იმედი ჰქონდა რომ ტენდერში გაიმარჯვებდა.
მუნიციპალიტეტის მთავრობა ამბობს, დავანგრევინეთ იმიტომ, რომ უფლება არ ჰქონდა ნებართვის გარეშე აეშენებინაო. ტუალეტი გამგეობიდან 100 მეტრშია. ანუ, მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს უფლება მაქვს დავანგრიო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა ნებართვის გარეშე და ავაშენო რაც მინდა და პრობლემა მხოლოდ ჩაბარებაშია? გესმით, ხომ რას ვამბობ? პირველად აშენებული ტუალეტის ბიუჯეტი 61 ათასი იყო, მეორედ 47 ათასამდე. რაღაც არარეალურ თანხებზე რომ არის საუბარი ხომ ატყობთ? არ ვიცი, რა ხდება შიგნით, გამგეობაში, ვინ ვის ატყუებს და ყველა როგორ ცდილობს სახელმწიფოს მოტყუებას, მაგრამ ტუალეტი რომ ბოლო თვეების სალაპარაკო თემაა წალენჯიხაში, ეს ფაქტია.
ალბათ, დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები და გამოიკვლევენ ყველაფერს. ზოგადად საქართველოში ეს ტენდენციაა, მაგრამ აქ, წალენჯიხაში, განსაკუთრებით, ყველა ისევ წველის სახელმწიფოს, ან პატარა იმპერიებს იქმნიან თანამდებობის პირები. ეს სოციალურად დაბალი დონის ქვეყნების მახასიათებელია. სადაც, არც კულტურა დგას მაღალ დონეზე, სამწუხაროდ."
(საპირფარეშოს საბოლოო ვარიანტი)