მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს მორიგი ტრიუმფით დასრულდა ოსაკაში ჰარუ ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-2 სუპერტურნირი.
"თეთრმა ფენიქსმა" სენშურაკუზე (დასკვნითი ტური) თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ძალზედ დრამატულ და ხანგრძლივ ორთაბრძოლაში იორიკირით დაამარცხა, 14 მოგება მოაგროვა და კიდევ ერთი მონღოლის, სეკივაკე ტერუნოფუჯისათვის მიუწვდომელი შეიქმნა. შედეგად, ჰაკუჰომ 34-ე ბაშო მოიგო კარიერაში და თავისი რეკორდი კიდევ უფრო განიმტკიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე მე-6 ბაშოა "ფენიქსი" პირველობას არავის უთმობს.
ტურნირის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს მონღოლთა ამომავალი ვარსკვალავი, სეკივაკე ტერუნოფუჯი, რომელმაც ბოლო ტურამდე შეუნარჩუნა ბაშოს ინტრიგა და 13-2 ბალანსით ვიცე-ჩემპიონის სტატუსიც მიიღო. გარდა ამისა, მონღოლი გოლიათი ორი სპეციალური პრიზითაც იქნა დაჯილდოვებული: შუკუნშოთი (ბრწყინვალე ორთაბრძოლების ჩვენებისათვის) და კანტოშოთი (მებრძოლი სულის გამოვლენისათვის).
წარმატებულად შეფასდება დასრულებული ბაშო ქართველი სუმოისტებისთვისაც, რომლებიც ტურნირის ბოლო დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქართული დუელი ოსაკას დარბაზში ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ჩვენებურმა დადებითი ბალანსით დაასრულა ბაშო. ლევან გორგაძემ გაგა ჯუღელი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
საბოლოოდ გაგამარუმ ჰარუ ბაშოზე 11 მოგებასა და 4 წაგებას მოუყარა თავი, ტოჩინოშინს კი 8 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა.
მომდევნო ბაშოსთვის ტოჩის სანიაკუს მისადგომებთან ვიხილავთ (პირველ ან მე-2 მაეგაშირად), ხოლო გაგას ალბთ მე-7/მე-5 მაეგაშირას პოზიციაზე დააყენებენ.
მომდევნო სუპერტურნირი კი ისევ ტოკიოში გადმოინაცვლებს და სუმოს მექად აღიარებულ "რიოგოკუ კოკუგიკანში" 10-დან 24 მაისის ჩათვლით ჩატარდება.