ხუთშაბათს, საქართველოს ეროვნულ არქივში, 18-დან 19 საათამდე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია "მოგზაურობა ორ სამყაროს შორის – თერგდალეულები, პიროვნული კონფლიქტი და ეროვნული ცხოვრება".
ლექცია შეეხება თერგდალეულთა მსოფლმხედველობის ცვლილებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრთა საქმიანობის ანალიზის მიხედვით. განხილული იქნება ეპოქის კულტურული მდგომარეობა, ცვლილებები მცირე სოციალურ ჯგუფში, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ფეოდალურ საზოგადოებაზე ფუნდამენტური სოციალური ძვრების მისაღწევად.
ოლივერ რაისნერი არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი, აგრეთვე აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. როგორც ისტორიკოსი, ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაზე. ოლივერ რაისნერმა შეიმუშავა სამაგისტრო პროგრამა „ცენტრალური აზია/ კავკასია" ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის კვლევების ფაკულტეტზე. უძღვება სალექციო კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.