შ.პ.ს. "ა.ს.ჯგუფი 1990"-ს (ჩინური კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში) დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე, საქართველოს რკინიგზას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერს (GEO140000124), სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 27 თებერვალს დასრულდა და რომელიც რკინიგზისა და ტრამვაის ლოკომოტივების, მოძრავი შემადგენლობისა და თანმდევი ნაწილების შესყიდვას ეხებოდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აქ 10 500 000.00 ლარს შეადგენდა და მონაწილეობას ორი კომპანია – სს ელმავალმშენებელი 10 500 000.00 ლარითა და შპს "ა.ს. ჯგუფი 1990" 10 290 000.00 ლარით ღებულობდნენ.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, მიუხედავად მათ მიერ შეთავაზებული გაცილებით ნაკლები თანხისა, მას სატენდერო კომისიაში პირადად განუცხადეს, რომ ტენდერიდან მოხსნილები არიან.
შ.პ.ს. "ა.ს.ჯგუფი 1990" დირექტორის თქმით, საქართველოს რკინიგზას საკუთარი ინტერესების გამო ბაზარზე რუსულ კომპანია შემოჰყავს, რომელსაც არ აქვს ორმაგი დანიშნულების ელმავლის გაყიდვის უფლება, ვინაიდან სატვირთო და სამხედრო ელმავლის გაყვანა ქვეყნიდან რუსული კანონმდებლობით იკრძალება.
"ამაზე სასამართლოში დავის შემდეგ სახელმწიფო 1 მილიონიან ზარალს მიიღებს", _ ამბოსბ საყვარელიძე და დასძენს, რომ გარდა ამისა, ტენდერი თავიდანვე დარღვევებით მიმდინარეობდა.
"საქართველოს რკინიგზამ ელმავლის ტექნიკური მოთხოვნები მხოლოდ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. რაც ადასტურებს იმას, რომ სხვა საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა არც განიხილება. შესაბამისად ტენდერი თავიდანვე მორგებული იყო რუსული მხარისთვის.
საქართველოს რკინიგზას მოთხოვნებში მითითებული აქვს, რომ წარმოდგენილი პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს თბილისის "ელმავალმშბლის" წარმოებულ პროდუქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას ალბათ ნაკლებად უნდა ფლობდნენ საერთაშორისო კომპანიები, რადგან საერთაშორისო კომპანიები თავის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს ვერ მიუსადაგებენ საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ მოძველებულ მოდელებს. ეს მხოლოდ რუსულ კომპანიას შეუძლია", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საყვარელიძე.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია გარდა რუსულისა, ქართულ ენაზეცაა განთავსებული.
ცნობისთვის, სს ემლავალმშენებელი 1998 წლის 30 დეკემბერსაა რეგისტრირებული და მმართველობით ორგანოში არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
შ.პ.ს. "ა.ს.ჯგუფი 1990"-ს ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ საქართველოს რკინიგზაში და აღნიშნავენ, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ გამოვლენილი არაა.
უწყებაში, 14 მარტს, "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას 2-3 სამუშაო დღეში გაავრცელებდნენ, თუმცა საქართველოს რკინიგზას, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ამ დრომდე არ გაუცია პასუხი.
"გურია ნიუსი" მზადაა საქართველოს რკინიგზის საპასუხო განცხადება, გამოქვეყნების შემდგომ, განათავსოს ვებ-გვერდზე.