მთავარი პროკურატურა ე.წ. „კაბელების საქმეზე" განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, ე.წ. „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნულ საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართოს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და ამ უფლებას მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. შესაბამისად დაცვის მხარეს ჰქონდა სრული 5 თვე ჩაეტარებინა მისთვის სასურველი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები."