თურქეთის მთავრობამ სირიის ტერიტორიაზე მყოფი ისლამური სახელმწიფოს არმიაში და სირიის სამოქალაქო ომში ბრძოლის მსურველებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაცია იმ მოქალაქეების რაოდენობას ეხება, რომლებიც თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან და ქალაქებიდან სირიის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.
მონაცემები ძირითადად გასული წლის მდგომარეობას ასახავს. იმ ქვეყნების მოქალაქეთა ჩამონათვალი, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, შთამბეჭდავია. სულ დააკავეს 471 მოქალაქე, რომელთა შორის ყველაზე მეტი თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
მათ გარდა, აღმოჩნდა, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკის, თითქმის არაბული და აზიური სახელმწიფოების მოქალაქეებიც.
დაკავებულ მოქალაქეთა შორის საქართველოს ერთი მოქალაქეცაა, რომელიც თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში დააკავეს და მისი ვინაობა უცნობია. დაკავებულთა ნაწილი, თურქული მედიის ცნობით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს.
გამოყენებულია ინტერნეტგამოცემა www.sirinnar.net-ის ინფორმაცია