სამწუხაროა, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.
"სამწუხაროა ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას, იმ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ისინი არიან მოტივირებულები, რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას, დაწყებული იმით, რომ ლარი არის გაუფასურებული, ინვესტიციები არის შემცირებული, ექსპორტი არის შემცირებული, სამუშაო ადგილები არის შემცირებული, მცირდება მთლიანად ეკონომიკა. მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ უნდათ საერთოდ დაინახონ ეს პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობენ, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალონ", – განაცხადა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობას არაერთხელ შეთავაზა ის გეგმა, რომელიც მათ არ გააჩნიათ.
"დღესაც აღიარა პრემიერმა, რომ მათ არ აქვთ რეცეპტი. ერთ, ორ თვეში გარკვეული შედეგი როგორ იქნას მიღწეული და არც იზიარებენ იმ გეგმას რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რაც ორწელიწადნახევარში მიიღეს, შეამცირონ უფრო გადასახადები, მთელი რიგი მიმართულებებია შეღავათების დაწესებისთვის, რათა საქართველოს მოსახლეობამ ამოისუნთქოს", – განაცხადა მელიქიშვილმა.