ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "პატიმრობის კოდექსზე“ და მისგან გამომდინარე მოცულობით კანონპროექტთა პაკეტზე მეორე მოსმენით მუშაობა დაასრულა.
აღნიშნული პაკეტის განხილვას ორი საკომიტეტო მოსმენა დაეთმო, რომლის დროსაც კომიტეტის წევრებმა, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და საკითხის მომხსენებელმა, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახი კახიშვილმა დეტალურად და მუხლობრივად განიხილეს 40 კანონპროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი.
სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრის პირველ მოადგილეს და სახალხო დამცველის აპარატს. მისი განცხადებით, კონსულტაციების შედეგად შემუშავდა კოდექსის კომპრომისული მოდელი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია.
სამუშაო პროცესის შეფასებების შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარა თითოეულ კანონპროექტს, რაც შეეხება უშუალოდ "პატიმრობის კოდექსს“, მისი კენჭისყრა 42-ე და 43-ე მუხლების გარეშე ჩატარდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნულ 2 მუხლს კომიტეტი მესამე მოსმენისთვის კვლავ მიუბრუნდება.
სხდომის დასასრულს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე, მოსმენილ ანგარიშებზე მომზადებულ კომიტეტის დასკვნას. ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი სახალხო დამცველის ინსტიტუტს ბოლო ორი წელია განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს და სახალხო დამცველის ანგარიშის რეაგირებაზე პარლამენტმა ახალი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრა, რასაც მოწმობს მის მიერ მიღებული დადგენილება და მისგან გამომდინარე საკომიტეტო მოსმენები.