სპორტის თემაზე მწერალ ხალხს საქმიანობა რთულ ვითარებაში უხდებათ. გულშემატკივრები პრეტენზიულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან.
ისინი ერთნაირი გულმოდგინებით არჩევენ როგორც საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე ბატალიებს, ასევე ჟურნალისტების მიერ გაანალიზებულ მოვლენებს. ჩემს კოლეგებს სხვადასხვა „სახალისო“ სპორტული ისტორიების დიდი პირადი „მარაგი“ გააჩნიათ. რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა. წინა კვირას რამდენიმე ჟურნალისტს დავუკავშირდი და ამ ისტორიების დღის სინათლეზე გამოტანის ნებართვა ვთხოვე. რასაკვირველია, უარი არ უთქვამთ, ოღონდ ერთი პირობა წამიყენეს, ჩვენი ვინაობა არ დაასახელოო. რასაკვირველია – დავთანხმდი, და ეს ამბები დღეს მკითხველების წინაშე გამოვიტანე.
ერთსაც გეტყვით. რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი „დავინდე“ და მათ თავს გადამხდარი „შემთხვევები“ კვლავ საიდუმლოდ შევინახე. 1. თბილისის "დინამოს" თამაში ჰქონდა და მსაჯი მძიმე შეცდომებს უშვებდა. გაბრაზებული სანდრო იაშვილი არბიტრს ეუბნება: – რა არის, რეი ჩარლზი ხარ? მსაჯს რეი ჩარლზი ცხოვრებაში არ ჰქონდა გაგონილი, კომპლიმენტი ეგონა და უპასუხა: – რა არ ვგავარ თუ? 2. ცხონებულ კოტე მახარაძეს მიყავდა 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მანჩესტერი“ – „ბავარია“ და შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: – "მდაა, როგორც ხედავთ მეგობრებო, მანჩესტერის რიგებში უხვად არიან ფერადკანიანი ფეხბურთელები, ისეთები როგორიც დუაიტ იორკი და დევიდ ბექჰემი.“ 3. ჩვენი ნაკრების საკმაოდ ცნობილმა ფეხბურთელმა თქვა, მაგარი ქალაქია რომი, მაგრამ ქალაქის ცენტრში რომ დანგრეული შენობა ვერ გაურემონტებიათ – ეგ მიკვირსო.
კოლიზეუმი იგულისხმა. 4. რეზო ჩელებაძე "დინამოში" ახალი მისულია და გულშემატკივრებში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. ერთხელაც "ჩელე" თავისი "ვოლგით" მიადგა თბილისის ერთ-ერთ კორპუსს ღამის 3 საათზე და თავის ახლობელს ეძახდა. მოკლედ, აიკლო მთელი უბანი. რამდენიმე შეწუხებული მოქალაქე აივანზე გადმოდგა და ჩელებაძეს ჩასძახეს – ვინ ხარ შე უპატრონო და რა გაღრიალებს, რატომ არ გვაძინებო. – რა მოგივიდათ, ხალხო, დათო ვარ ყიფიანი – მოიშველია ჩელებაძემ ყიფიანის ავტორიტეტი.
თუმცა, მაინც იცნო ერთმა და ჩასძახა: – იქ ყიფიანის ოხერი დედა ვატირე, აქ კიდევ შენი – რეზო ჩელებაძესი! 5. ჯამარაულზე უნდა მოვყვე (მომკლავს ჯამარა თუ დამიჭირა, მაგრამ სად მნახავს). ერთხელ, საქართველოს ნაკრები რომელიღაც თამაშზე მიფრინავდა და ნაკრების წევრებმა თვითმფრინავში სეკას თამაში გააჩაღეს (მაშინ ჯოკერი ჯერ არ იცოდნენ). მოკლედ, წავიდა თამაში და ჯამარაული მაგრად იწეწება – ნაკრებში ჩამოსვლამდე თავის კლუბში აღებულ ხელფასს მთლიანად აგებს. ამ დროს თვითმფრინავი აეროპორტში დასაჯდომად მოემზადა, რაც ავტომატურად ნიშნავდა თამაშის დასრულებას. გამწარებულმა ჯამარაულმა იყვირა: ვაიმე, არ დასვათ თვითმფრინავი, თორემ დამექცა ოჯახიო!!! 6. წნორის „მილანის“ საფეხბურთო კლუბი ხომ გახსოვთ. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: – ჩვენი კლუბის ფინანსები მზესუმზირის მოსავალზეა დამოკიდებულიო. მგონი, რობერტო ბაჯოც უნდა ჩაეყვანათ ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ.
7. ერთხელ მოჭიდავეთა ნაკრების ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს რომელიღაც დამწყები ძიუდოისტისთვის დამწვარზე წასასმელად კოლხური თუ თურმანიძის მალამო მიუცია. ლაშა გუჯეჯიანი კიდე გახუმრებია იმ საცოდავს, კახაბრიშვილი კარგს რას მოგცემს, აჰა, ეს წაისვი, მე ძალიან მიხდებაო და ფინალგონი მიუცია. იმასაც არ დაუნანებია და წაუსვია მომეტებულად, რაც მეტი, უკეთ იმოქმედებსო. რაც ცხოვრებაში არ ურბენია, მაშინ ირბინა, ვერ ასწრებდა ვერავინ.
8. ერთხელ ჭიდაობაში საქართველოს კლასიკოსთა ნაკრები პოლონეთში პეტლიასინსკის ტურნირზე მიდის მატარებლით. თურმე ამათ ვაგონში ისეთი ჭედვაა, თავზე ასხედან ერთმანეთს. ერთმა ცნობილმა მოჭიდავემ (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) თურმე მოინდომა ფართოდ ცხოვრება და თავისუფალი ვაგონის ძებნა დაიწყო. გავიდა უკანა ვაგონში და ნახევრად ცარიელია! ცხადია, მაშინვე იქ გადაბარგდა და ერთი ახალგაზრდა მოჭიდავეც გაუყოლებია, ოღონდ ბარგი თავის ფულიანად ძველ ვაგონში დაუტოვებიათ. ცხადია, ის ღამე მშვიდ ძილში გაატარეს, მაგრამ გათენდა დილა, უფრო ადრე იმ ცნობილს გაეღვიძა, გამოვიდა დერეფანში და რას ხედავს – ვაგონი სადღაც დეპოში დგას, წინა ვაგონი კი არსად ჩანს! თურმე ეს სხვა ქალაქის ვაგონი ყოფილა ჩაბმული იმ მატარებელზე და დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას პატიოსნად ჩაუხსნიათ, ესენი კი ფლოსტების ამარა, უფულოდ დარჩნენ უცხო ქალაქში.
კიდევ კარგი, ინგლისური იცოდნენ და გააგებინეს იქაურებს თავიანთი გასაჭირი. საბოლოოდ, დიდი გაჭირვებით ჩასულან იმ ქალაქში 9. ქართველი ძიუდოისტები პარიზის სუპერტურნირზე არიან და სასტუმრო "შარლ დე გოლში" დაბინავდნენ. ერთ დღესაც, ძიუდოისტებს მონდომებიათ მწვადი. თან ჰქონდათ წაღებული 20 კილომდე ხორცი და მაყალი. ერთ ძიუდოისტს დაუვალებია მესამე მწვრთნელისთვის, წადი სადმე ოთხი აგური მონახე, მაყალი პარკეტზე რომ დავდგა, დაიწვებაო. მართლა შემოუვლია იმ მწვრთნელს მთელი პარიზი, მაგრამ აგური როგორ უნდა ეპოვნა? ჰოდა, პირდაპირ პარკეტზე დაუდგათ მაყალი და წაჰკიდებია ცეცხლი… მთელი პარიზი ფეხზე დამდგარა, არიქა, "შარლ დე გოლის" მეექვსე სართულიდან კვამლი გამოდის, იწვისო… იმ დღესვე აუბარგებიათ ჩვენი ძიუდოისტები და სადღაც დაბალი დონის სასტუმროში წაუყვანიათ, თან მკაცრადაც გაუფრთხილებიათ. 10. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან საბერძნეთში ახალგაზრდა ძიუდოისტების გაყიდვა მავანთათვის მომგებიან ბიზნესად რომ იქცა, ცნობილია.
ათენის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ერთი ასეთი ჯგუფი გაიყვანეს გასაუბრებაზე საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად, თარჯიმნობას კი ჯარჯი ზვიადაური, უკვე ოლიმპიური ჩემპიონი და გავლენიანი კაცი უწევდა. ამათთვის მოქალაქეობის მიცემა თურმე "ზევითაა" გადაწყვეტილი, მაგრამ გასაუბრება აუცილებელი ფორმალობაა და ეკითხებიან მათ საბერძნეთის ისტორიას, გეოგრაფიას, მდებარეობას, დღევანდელობას, წარსულს, აწმყოს, ცნობილ ადამიანებს წარსულიდან თუ თანამედროვეობიდან, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი – ყველაფერზე შეთქმულივით "არ ვიცის" იძახიან.
ბოლოს თურმე ეკითხებიან, არისტოტელე თუ გაგონიათო და უცებ ერთი სიხარულით წამოხტა – კი, როგორ არა, ვირთხას ერქვა "უძინართა მზეშიო". 11. რომელიღაც მოჭიდავეს რომელიც ესპანეთში იყო რაღაც ტურნირზე, თბილისის აეროპორტში ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს თუ შეხვდა. ამან უპასუხა რომ ეს პიროვნება მის წონაში არ ჭიდაობს. 12. ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. არჩევნების დასასრულს, მეძმარიაშვილი სიტყვით გამოვიდა და თავის მოხსენებაში ცნობილი ვეტერანი ფრენბურთელი ედუარდ სანთელაძეც ახსენა,ოღონდ შეეშალა და იგი მოფარიკავედ მოიხსენია. გვერდში მდგომებმა ირაკლის ჩუმად შეუსწორეს – ეგ მოფარიკავე კი არა, ფრენბურთელიაო. ირაკლიმ კარგად ვერ გაიგო და – უკაცრავად, ხელბურთელიო. – ხელბურთელი კი არა, ფრენბურთელი! – შეუსწორეს ისევ. – კარგით, რა გამიხურეთ, რა მნიშვნელობა აქვს, ორივეს ბურთით არ თამაშობენ? – არ დაიბნა მეძმარიაშვილი.
13. რედაქტორი მეკითხება: ხომ ერთია კიგბოქსინგი და ჭიდაობაო? 14. ერთხელ შემეშალა და გაზეთში ჯამლეთ ხუხაშვილის მოღონიერებული „მაქაბის“ ნაცვლად ჯამლეთ ხუხაშვილის მოღორებული „მაქაბი“ დავწერე. 15. ერთ-ერთი გაზეთის სპორტულმა ჟურნალისტმა კალათბურთელ გიორგი ცინცაძეზე მასალა დაწერა. როდესაც წერილისთვის სათაურის შერჩევის დრო მოუვიდა, ეს საქმე დროებით გადადო. მასალა გვერდის ამწყობს მისცა და ასეთი რამ მიაწერა: "გიორგი ცინცაძე … კაროჩე მერე მივაწერ რა." ალბათ მიხვდით, რომ სათაურის მოფიქრების დრო არ ჰქონდა და საღამოსთვის გადადო. თუმცა საღამოსაც დაავიწყდა და ამწყობმა პირდაპირ გლიჯა გვერდში ზემოთ მოყვანილი წარწერა.