დღეს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ნახევარფინალები გაიმართება, რომლებშიც მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსნები ალბის სტადიონზე იტალიელებს ერკინებიან.
გზა ნახევარფინალამდე
გათამაშების პირველ რაუნდში იტალიელმა 18-წლამდელებმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში, რაზეც ანგარიში 14:13 მეტყველებს – შეძლეს უელსის დამარცხება, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კი, არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს ირლანდიის ძლევა. მატჩის ძირითადი დრო, 70 წუთი, ფრედ 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა "შუთ აუთი" (5–5 დარტყმა მიწიდან), რომელშიც 3/1 ვძლიეთ მოწინააღმდეგეს.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ინგლისმა 85:5 სძლია პორტუგალიას, ხოლო მასპინძელმა საფრანგეთმა შოტლანდიელ 18-წლამდელებს 22:10 მოუგო.
უმცროსი ბორჯღალოსნები კაპიტნის ვარჯიში გუშინ გამართეს, დღეს კი სამატჩო რაზმი დასახელდება.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიასთან მატჩში დაშავებული მოთამაშეები – ილია სპანდერაშვილი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი კვესელაძე – თავს კარგად გრძნობენ და აქტიურად ემზადებიან თამაშისთვის.
_ გუშინ და დღეს ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდეგის მეოთხედფინალური მატჩის ანალიზს აქტიურად შევუდექით და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველა მოთამაშეს მივეცით კონკრეტული დავალება, ხოლო რაც შეეხება მთლიანად გუნდს, მწვრთნელები მისგან ხვალ სწორედ მიმართულ დაცვას მოვითხოვთ. იტალიელები გულიანი და ძლიერი ბიჭები არიან, რაც უელსთან თამაშში დაამტკიცეს, მაგრამ ამავდროულად ნაკლებად ორგანიზებულები, ასეთ გუნდს კი სწორი და უშეცდომო დაცვა უნდა დაუპირისპირო.
მე ჩვენი გუნდის მომზადებითა და კონდიციით კმაყოფილი ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ ყოველივე მოთამაშის იმედი მაქვს მატჩში, _ განაცხადა დავით ჩავლეიშვილმა, 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა.
მატჩები ერთმანეთის პარალელურად, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით ორგანიზატორების დაპირებით სთრიმი აუცილებლად გაიმართება.
_ მის ბმულს განვათავსებთ რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოც-მედიაში, მაგრამ თუ ტექნიკური პრობლემის გამო ისინი სთრიმს კვლავ ვერ გამართავენ, მეოთხედფინალის მსგავსად ტექსტური ლაივი ჩვენს Facebook-ის გვერდზე იწარმოებს, _ აღნიშნულია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.