18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და იტალიას შორის ქართველების გამარჯვებით დასრულდა. მატჩი მეოთხედფინალზე არანაკლებ დრამატული გამოდგა და აქაც ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ამჯერად ლელო არც-ერთ გუნდს დაუდია და მხოლოდ 2-2 ჯარიმით დაზავდნენ (6:6). ფინალისტის გამოსარკვევად, ირლანდიასთან რკენის მსგავსად, დაინიშნა შუთ-აუთი (ჯარიმების დუელი).
გუნდებმა ორიოდ წუთი დაისვენეს და დაიწყო მატჩის ყველაზე დაძაბული ნაწილი: ბურთთან პირველი შოთა არეშიძე მივიდა და ჯარიმა ზუსტად შეასრულა 1:0; პასუხად იტალიელმა დამრტყმელმაც ივარგა და გაათანაბრა 1:1
დაძაბულობამ იმატა – ჯარიმის დასარტყმელად ჩვენი ფულბეკი, მირიან მოდებაძე მოემზადა. დაარტყა და გაიტანა 2:1
იტალიელმა მოთამაშემაც არ დააყოვნა და გაათანაბრა 2:2.
დასარტყმელად უმცროსი ბორჯღალოსნების შუამარბი, გიორგი გოგოლაძე მოემზადა, თუმცა მისი ცდა არაზუსტი აღმოჩნდა – მოწინააღმდეგის მოთამაშემ კი იზუსტა და იტალიელები წინ გავიდნენ 2:3
ლადო მიმინოშვილმა წონასწორობა ზუსტი დარტყმით აღადგინა 3:3, მაგრამ არც იტალიის ნაკრების მოთამაშემაც ააცილა და ანგარიში 3:4 გახდა
დადგა ჩვენი 9 ნომრის დრო – გელა აფრასიძემ გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა 4:4, რასაც მოწინააღმდეგემ სიზუსტით ვერ უპასუხა. ამ მომენტისათვის მოედანზე ისედაც დაძაბულმა მდგომარეობაც პიკს მიაღწია, ვინაიდან თუ ჩვენი ბიჭები გაიტანდნენ და იტალიელები ვერ, საქართველო ფინალში გავიდოდა.
ასეც მოხდა! გელა აფრასიძემ ძელებს შორის გააძვრინა, ხოლო იტალიელმა დამრტყმელმა კი ააცილა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დრამატულ ნახევარფინალში შუთა-აუთების სერიით 5:4 გაიმარჯვეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში, სადაც ისინი ტურნირის, მასპინძელს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ უკანაკნელმა, პარალერულად მიმდინარე მატჩში, მოქმედი ჩემპიონი ინგლისი 23:19 დაამარცხა და ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ფინალში.
ამრიგად ელიტ ჯგუფის ფინალური რკენა საფრანგეთსა და საქართველოს შორის 4 აპრილს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება.