"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გერმანელი მეცნიერის, ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, თომას შტიოლნერის წერილს ავრცელებს, სადაც საუბარი საყდრისს შეეხება.
როგორც წერილიდან ირკვევა შტიოლნერი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგო რატიანსა და პარლამენტის წევრებს მიმართავს.
"მე მოგმართავთ ჩემს მშობლიურ ენაზე და მინდა შევეცადო, აგიხსნათ თქვენ საყდრისის მნიშვნელობა, მოკლედ წარმოგიდგინოთ ჩვენი კვლევითი პროექტის შედეგები 2004 წლიდან დღემდე და ასევე წარმოგიდგინოთ შექმნილი დილემის გადაჭრის შესაძლებლობები.
1. 2004 წლიდან ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად აღარ არსებობს არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით (ეჭვგარეშეა), რომ საყდრისი თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. რატომ? იმიტომ, რომ ის ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას წარმოადგენს კავკასიაში, ის მსოფლიო მასშტაბითაც ყველაზე ძველია. მისი საწყისი ძვ.წ. IV ათასწ. შუა ხანებს აღწევს. პრეისტორიული მოპოვება გრძელდება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე. რაც ასე განუმეორებელს ხდის საყდრისს არის ის, რომ აქ სრულადაა შემონახული ოქროს მომპოვებელ-მწარმოებელი იმდროინდელი თემის დამახასიათებელი ყველა ასპექტი. სახეზეა მაღარო, ასევე, ნამოსახლარი და მასთან დაკავშირებული სამაროვანთა ჯგუფები. მაშასადამე, ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია, გავიგოთ, როგორი იყო უძველეს სამთომომპოვებელთა საზოგადოება, მისი სოციალური პირობები და ასევე, ეკონომიკური აქტივობებიც, რომლებიც თან სდევდა ოქროს მოპოვება-დამუშავებას. ის საქართველოსათვის უნიკალურია და საჭიროებს – ისევე, როგორც სხვა დიდი არქეოლოგიური ობიექტები – კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების მსგავსად დაცვას.
2. საყდრისის პრობლემაზე უკვე 10 წელია მუშაობს ბევრი მეცნიერი საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), გერმანიიდან (გერმანიის სამთო მუზეუმი, ბოხუმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (CEZ მანჰაიმი), საფრანგეთიდან (CNRS), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთიდან (კემბრიჯის უნივერსიტეტი). არც არავითარი ეჭვი არ არსებობს ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით და არც კითხვა იმის თაობაზე, მოიპოვებოდა თუ არა აქ ოქრო. თავისუფალი ოქროს შემცველობა მადნის ძარღვებში ისე აშკარაა, რომ გამოთვლაც კი შეგვიძლია, რა რაოდენობის ოქროს მოპოვება იქნებოდა აქ ოდესღაც შესაძლებელი. ამ პროექტს აქამდე დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდნენ გერმანიის კვლევითი საზოგადოება (DFG) და ფოლკსვაგენის ფონდი (VW-Stiftung). ყველა ეს მხარდამჭერი ინსტიტუცია იყენებს შეფასების აკრედიტირებულ მეთოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი პროექტი მრავალგზის გადის ხარისხის შემოწმების სხვადასხვა პროცედურას. სამეცნიერო პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ მრავალ ინტერნეტსაშუალებასა და პუბლიკაციაში.
3. პირველმა კომისიამ, რომლის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე 2013 წლის ზაფხულში საყდრისს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, გააყალბა და არაკომპეტენტურად შეაფასა მეცნიერული კვლევების შედეგები. აქ თავს შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან. მომდევნო დამოუკიდებელმა კომისიამ (რომლის შემადგენლობაშიც საბათმცოდნე პროფ. ვ. ჟელევი და პრეისტორიული ეპოქის მკვლევარი პროფ. ა. იოკენჰოფელი შედიოდნენ), 2014 წლის მაისში წარმოადგინა დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ჩვენი კვლევის შედეგები და საყდრისის მნიშვნელობა. გათხრები, რომელიც აკადემიამ ჩაატარა უშედეგოდ წარიმართა, რადგან საკვლევად ისეთი ნაკვეთები იქნა შერჩეული, სადაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით არანაირი შედეგი არ იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, აღნიშნული შედეგები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა (კვლევის ანგარიში, 2014 წლის ზაფხული).
შემდგომ გამართული მოლაპარაკებისას მოითხოვეს საკვლევი გეგმის წარმოდგენა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნა. სამწუხაროდ, არც ფირმის და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან მას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და მისი შენარჩუნება, ბუნებრივია, ფულად ინვესტიციებს მოითხოვდა, თუმცა, ის საქართველოს ტურისტული და მეცნიერული განვითარებისათვის გაღებული, გონივრული ხარჯები იქნებოდა. 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩვენდა გასაოცრად, საბადოს ბულდოზერები მიაყენეს და ძეგლის განადგურება განაახლეს. ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ მესოპოტამიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამად მიმდინარე ნგრევას და ავღანეთში, კერძოდ, ბამიანში მომხდარს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოტივები, ბუნებრივია, სრულიად სხვა ხასიათისაა.
4. მოვლენის პოლიტიკური შეფასების მიღმა (ამასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა არ მსურს, თუმცა, ფაქტია, რომ მრავალგზის ჰქონდა ადგილი სხვადასხვა მხარის მიერ საკითხისადმი არაკორექტულ მიდგომას), შემიძლია – წინადადების სახით – შემდეგი განვაცხადო: პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებების შეფასების მიზნით თქვენ ნეიტრალური კომისია გესაჭიროებათ, რომელიც შეისწავლის და გამოიკვლევს მომხდარს. ჩემი აზრით, სამეცნიერო კუთხით ყველა საკითხი გარკვეულია და ისინი 2014 წლის მაისის კომისიის მიერ დადგენილია. პირადად მე შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, დაიცვათ უძრავი და, პირველ რიგში, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობა, განახორციელოთ ინვესტიციები იმისათვის, რათა საყდრისი როგორც კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლი, სათანადოდ წარმოჩინდეს და მუზეუმში განათავსოთ ჩატარებული კვლევების შედეგები. თავად ადგილი განადგურებულია და, სავარაუდოდ, ძველი მაღაროს მხოლოდ ყველაზე ღრმა ნაწილებიღაა დარჩენილი, რომელთა შენარჩუნება დღეს ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.
საუკეთესო სურვილებით თომას შტიოლნერი."