საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან" დაკავშირებით.
სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობა იქნება ეფექტური.
საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე; ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიები წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს.
არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიცია, რამდენიმე ორგანიზაცია და ექსპერტი სვამდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე. აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში.
2014 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვის დაწყება.
2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია.
2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება. ასევე გარემონტდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-16 დაწესებულება. ხორციელდება ვირუსული "ც" ჰეპატიტის სამკურნალო და სუიციდის პრევენციის პროგრამები; მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა პენიტენციალურ სისტემაში, საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა. საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია ფარტენაძის და სხვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები და გამოძიების შედეგები. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28 შეადგენდა, საიდანაც 7-მა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.
2014 წლის განმავლობაში იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც 28 წინადადება გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაცია. აქტუალურია არასათანადო მოპყრობის შესაძლო მსხვერპლთა დაცვის საკითხი. მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება. პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, აუცილებელია პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ხაზგასასმელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება.
დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე", რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. "კაბელების საქმისთვის" საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.
ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის.