საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის წევრები და მათი მუშაობა უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გააკრიტიკა.
ამის შესახებ ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე საუბრობს.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის პრიორიტეტს მთავრობის კრიტიკა არ წარმოადგენს.
"ახალი რეალობის გათვალისწინებით, არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას. ჩემთვის ცოტა საწყენია, როდესაც მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების და მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მოსახლეობამ იმისთვის არ აგვირჩია, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი, ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავხარჯოთ დრო ისეთ საკითხებზე რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით მისთვის არასოდეს მიუმართავს.
"არასოდეს მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით. ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩვენს მიერ განხორციელებული ზარების და შეხვედრების. კითხვა არ დასმულა რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა ხელს რომელიმე სამინისტროს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.