გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა საინფორმაციო გამოშვება "კურიერი სამ საათზე“ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართავა საზოგადოებისადმი რეკლამით შეწყვიტა.
პროგრამის წამყვანმა განაცხადა: "ტელეკომპანია იძულებულია გავიდეს სარეკლამო ჭრაზე, ვინაიდან ამას დღეს ამოქმედებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, რომელიც მართლაც გუშინ შევიდა ძალაში, ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
ტელეკომპანია ადგენს სამაუწყებლო ბადეს, ასევე, თავად განსაზღვრავს გაუშვას თუ არა პირდაპირ ეთერში მაღალი თანამდებობის პირების მიმართვა.
"საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის დეკემბერში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დღიდან, 63-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება შემდეგი პირდაპირი ტრანსლირების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა: ოფიციალური სახელმწიფო ღონიძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა და სხვა …
რამდენად შესაბამისობაშია "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ტელეკომპანიების "რუსთავი 2“-ის და "მაესტროს“ მიერ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საზოგადოებისადმი მიმართვის რეკლამით შეწყვეტა კომისია სწავლობს და დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება" _ აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.