პარლამენტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვა იწყება. დეპუტატებს კოდექსის პროექტს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დღეს წარუდგენს.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა სისხლისა და ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს, რომლებიც არასრუწლოვნებს შეეხება, და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სრულიად ახალ სტანდარტებსა და მექანიზმებს აწესებს.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე პრიორიტეტი მიენიჭება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერსებს, ხოლო სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებს განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ეს მიდგომები აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებასა და პრაქტიკაზე, არამედ ინსტიტუციურად იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული.
თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა 10-12 წლით განისაზღვრება. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებაში ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.
ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული. ამდენად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 20 იანვარს გამართა და პროექტი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა. არაერთი სპეციალური დისკუსია მოეწყო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. 2015 წლის იანვარში, ჟენევაში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს წარუდგინა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით მოამზადა.