დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების III პროექტის (SLRP III) ფარგლებში, შემდეგი 10 საავტომობილო გზის დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით კომპანია „დოჰვასთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს 10 საავტომობილო გზაზე, ჯამში 100 კილომეტრამდე მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების განხორციელებას.
საპროექტო სამუშაოები ჩატარდება წალენჯიხა–ჯვარზენის გზის (წალენჯიხა საჩინო) 7 კილომეტრიან, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის გზის (კოთელია–არაგვა) 6 კილომეტრიან, ზომლეთი–ხიხაძირის გზის (სხალთა–კვატია) 9 კილომეტრიან, ხობი–ახალსოფელი–რკინიგზის სადგურის გზის 10.5 კილომეტრიან, ქუთაისი–ალპანა–მამისონის გზის (ალპანა–ჭრებალო) 21 კილომეტრიან, ქუთაისი–ალპანა–მამისონის გზის (უწერა–შოვი) 16 კილომეტრიან, სოფელ ტოლებთან მისასვლელი გზის 4 კილომეტრიან, სოფელ დიდველთან მისასვლელი გზის 9 კილომეტრიან, ქვედა მესხეთი–ფარცხანაყანევის გზის 7 კილომეტრიან და ნაფარეული–ლაფანყურის გზის 9 კილომეტრიან მონაკეთებზე.
შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების III პროექტი (SLRP III) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 200 კმ–მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც მგზავრობის დროს 20%-ით შეამცირებს. გაუმჯობესებული და უსაფრთხო გზით კი 150, 000 ადამიანი ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტენდერი პირველ 10 საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2014 წელს გამოცხადდა.