დღეს შაბათია და მსურს, სტატია „განსაკუთრებულად მხიარული“ გამოსულიყო. გადავწყვიტე თქვენთვის ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებების საყვარელი ანეკდოტები გამეცნო.
მსახიობ გივი ბერიკაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. მისი სახელი ნებისმიერმა ჩვენთაგანმა კარგად იცის. ბატონ გივის შემდეგი გამორჩეული ანეკდოტი გააჩნია:
„ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მდინარეში იხრჩობიან. მოცურავს ვიღაც თეთრწვერა კაცი ნავით და ხედავს, კაცი იხრჩობა. ჰკითხა, სადაური ხარო? ქართველიო – მიიღო პასუხი. ორჯერ ორი რამდენიაო? – კვლავ შეეკითხა. ოთხიო. ამოიყვანა წყლიდან და დასვა ნავში. ცოტა გამოცურა და ახლა მეორე კაცი დაინახა. სადაური ხარო? სომეხიო. სამჯერ სამი რამდენიაო? ცხრაო. ისიც აიყვანა ნავში. არ გასულა დიდი დრო და ახლა მესამე კაცი შეამჩნია რომ იხრჩობოდა. სადაური ხარო? – ამასაც ჰკითხა. აზერბაიჯანელიო. ორიათას შვიდას სამოცდათოთხმეტი რომ ექვსიათას შვიდას სამოცდათოთხმეტზე გავამრავლოთ, რამდენიაო? Слуши, если в лодке места нет, скажи прямо. „იცით, რაშია საქმე? უფალი გადახედავს ჩვენს ცხოვრებას და ჩადენილი სიკეთის მიხედვით განსჯის, სადაა თითოეული ჩვენთაგანის ადგილი“ – ამბობს ბატონი გივი.
მწერალი რევაზ მიშველაძე ერთხელ ბულგარეთში, ქალაქ გაბროვოში იმყოფებოდა. იქაურებმა ქართველი ერისათვის დამახასიათებელი თვისებების მატარებელი ანეკდოტის მოყოლა სთხოვეს.
„ბაზარში დგას კახელი გლეხი ვანუა და კაკალს ჰყიდის. ცხელა. საქმე ის გახლავთ, რომ ვანუა იქვე ბაზარში ყიდულობს კაკალს კილოგრამს 10 მანეთად და იქვე ჰყიდის კილოგრამს 10 მანეთად. ეკითხებიან: „ვანო, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე გამოგდის. კაპიკს ვერ იგებ, რატომ იკლავ თავს ამ სიცხეში“. „მე, შვილოსა, ფული მოგებაი როდი მაინტერესებს, უბრალოდ, კაკლის ჩხრიალი მიყვარს“ – მიუგო ვანომ“.
მხატვარ გია ბუღაძის საყვარელი ანეკდოტი პოლიტიკური ხასიათისაა. მისი ანეკდოტი ცოტა მოძველებულია, მაგრამ აქტუალობა არც ამჟამად დაუკარგავს:
„შევარდნაძე და ჯორბენაძე სანადიროდ არიან. უცებ კურდღელი გამოხტა ბუჩქებიდან. შევარდნაძემ დაუმიზნა, ესროლა და ააცდინა, კურდღელი გაიქცა.
– ბატონო პრეზიდენტო, – ეუბნება ჯორბენაძე, – ამ ხნის კაცი ვარ და პირველად ვნახე, სასწაული, მოკლული კურდღელი გარბოდეს“.
„საანეკდოტო ესტაფეტა“ ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, რეზო არველაძეს გადავცეთ:
„სვანს ნაცნობი შემოხვდა, რომელსაც „ლა კოსტას“ მარკის მაისური ეცვა, ჯიბესთან ნიანგით.
– გისამძიმრებ, ძმაო, – ეუბნება სვანი, – უნდა გამაგრდე!
– რას მისამძიმრებ?
– რას და – ნიანგის დაღუპვას“.
ბატონი კოტე მახარაძე თავის დროზე ხშირად ყვებოდა შემდეგ ანეკდოტს:
„ბებერი მენავე მტკვრის ერთ ნაპირთან დგას. მასთან ბიჭუნა მივა.
– გამარჯობა, ძია ვანო.
– გაგიმარჯოს, გურამ.
– ძია ვანო, გადამიყვანე იქით ნაპირზე.
– რა პრობლემაა, ოღონდ მითხარი, რა გინდა იქით მხარეს.
– იქით ცეკვებია, კინო, დისკოთეკა, ატრაქციონები.
– კარგი, დაჯექი, სამ მანეთად გადაგიყვან.
– არ მაქვს სამი მანეთი, ვანო ძია.
– აბა, რა ჯანდაბა გინდა იქით ნაპირზე?“.
ქალბატონი გუგული მაღრაძე ერთ ანეკდოტს უცხოელებს თურმე ხშირად უყვება:
„კახელი ხის ჩრდილშია წამოწოლილი, გვერდით ღვინის დოქი უდგას. ჩაიარა მეზობელმა და ეძახის.
– მიხო, ადე, სოფელში უცხოელია ჩამოსული.
– მერე რა, რო? – გაიხედა მიხომ.
– ამბობს ბიზნესის გაკეთებაში დაგეხმარებითო.
– მერე?
– მიხო, ფულს გაშოვნინებთ, მილიონერები გახდებითო.
– ჰო, მერე?
– მილიონი გექნება და არხეინად იგორავებ, მუშაობა ფეხებზე გეკიდება.
– ჯოუ, ეხლა რა, ფეხებზე არა მკიდია“.
დადგა დრო და დავით ბაქრაძეს მოვუსმინოთ:
„ქუთაისელს თბილისელი ძმაკაცი ესტუმრა. სხედან, ქეიფობენ და სიგარეტი გაუთავდათ. ქუთაისელმა ძაღლს ფული მისცა და დაავალა, წადი მოიტანეო. მოიტანა. შემდეგ არაყზე გაგზავნა, პურზე. მოაქვს ძაღლსაც და გაგიჟდა თბილისელი, გინდა თუ არა მაჩუქეო. ამანაც აჩუქა. ერთ თვეში თბილისში ესტუმრა და ეკითხება:
– აბა, როგორაა, ძამია, ძაღლი?
– არ ვიცი, შენ რომ გზავნიდი, ხუთ წუთში მოდიოდა, მე რომ ვგზავნი, სამი დღე უნდება.
– მაღაზიის გზა ასწავლე?
– არა.
– აბა, მაგას ქუთაისში უვლია სიგარეტის საყიდლად“.
ქალბატონი ელენე თევდორაძე ქართულ ენასთან ცოტა არ იყოს მწყრალადაა, ამიტომ უხერხულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილა. ერთხელ საქართველოს პარლამენტის სპიკერის რეპლიკაზე, ამ დარბაზში ბევრი ფსიქიკურ გამოკვლევას საჭიროებსო, ელენე თევდორაძემ აღშფოთებით უპასუხა – ჩვენ აქ ყველანი უკვე გამოკვლევებულები ვართო.
ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტი ეკითხება ქალბატონ ელენეს, ბატონ შევარდნაძეზე რას იტყვით, როგორი კაციაო. მან კი ასეთი პასუხი გასცა:
– როგორი კაცია, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის პოლიტიკოსი დიდი ასოთი. ( უნდა ეთქვა: „Политик с большой буквы“ )
გაგიკვირდებათ და, ცნობილი პიროვნებების საყვარელი ანეკდოტების ძიებისას ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე. თურმე საყვარელი ანეკდოტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც გააჩნია. ერთხელ ირანში ყოფნისას მასპინძლებს შემდეგი ანეკდოტი მოუყვა:
„შაჰი ავად გახდა, მუცელი ასტკივდა და ვერავინ თქმას ვერ უბედავს, რომ ოყნის გაკეთება სჭირდება. იციან, რომ ამის თქმა და თავის მოჭრა ერთი იქნება. ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გამოიჩინა გამბედაობა და ეუბნება, აი, ზურმუხტებითა და ოქროთი გაწყობილი ოყნის გაკეთებაა საჭირო. სად უნდა გაკეთდესო, ეკითხება შაჰი. სად და უკანალშიო. ვის უნდა გაუკეთონ, – თვალები დააბრიალა შაჰმა. პრემიერ-მინისტრი შიშისგან გალურჯდა: ვის და – თქვენს ექიმს!“