ქალაქ თელავში 17 აპრილს „მდგრადი ენერგეტიკის დღე“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა თელავის #1 საჯარო სკოლასა და კავკასიონის ქუჩაზე განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტები.
თელავის #1 საჯარო სკოლაში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტი ითვალისწინებდა ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა: სკოლის სხვენის თბოიზოლაცია (1150 კვ.მ.); სკოლის განათების სისტემის შეცვლა LED და ენერგოეფექტური ნათურებით; გათბობის სისტემის მოდერნიზაცია, კერძოდ კი, დიზელზე მომუშავე გათბობის სისტემის გადაყვანა ბუნებრივ აირზე, რაც გაცილებით ეკონომიურია და ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ხოლო კავკასიონის ქუჩაზე განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა მანამდე არსებული განათების მოძველებული და ხარჯიანი სისტემის შეცვლა შუქდიოდური (LED) განათებით.
თელავის სკოლის შენობის წლიური ენერგოდანახარჯები გათბობასა და განათებაზე საკმაოდ მაღალი იყო და საშუალოდ წელიწადში 13,000 ლარს შეადგენდა. თელავის #1 საჯარო სკოლის პროექტი მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ენერგოდანახარჯების და გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება, ამასთან კომფორტის დონის ამაღლება და ამავდროულად გარემოზე მავნე ზემოქმედების შერბილება.
თელავის კომპონენტი ასევე ითვალისწინებდა თელავში, კავკასიონის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის განათების სისტემის შეცვლას LED–განათებით. სადემონსტრაციო პროექტამდე ექსპლუატაციაში იყო 74 რუსული წარმოების ნათურა, რომლის წლიური ხარჯიც წელიწადში თელავის ბიუჯეტს 13,000 ლარზე მეტი უჯდებოდა. პროექტის დასრულებისა და LED– განათების დამონტაჟების შემდეგ უკეთ განათდება კავკასიონის ქუჩაზე მდებარე საბავშვო მოედანი. ამდენად, მიღწეული იქნება ეკონომია უკეთესი ხარისხის განათების ხარჯზე. ენერგოეფექტური სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის ბიუჯეტი შეძლებს, ყოველწლიურად დაზოგოს დაახლოებით 6700 ლარი მხოლოდ არსებული განათების სისტემის ენერგოეფექტურად დაზოგვის შემდეგ. გარდა ამისა, 2–ჯერ შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა.
სამუშაოები ჩატარდა „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „BP საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში. პროექტი განახორციელა კავშირმა, „ენერგოეფექტურობის ცენტრმა“.
„ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და „მერების შეთანხმების“ კოორდინატორი გიორგი აბულაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
„მერების შეთანხმება“ არის გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესამცირებლად მიმართული. თელავში განხორციელებული პროექტები ერთის მხრივ, ენერგოკომპანიისთვის შემცირებულ გადასახადს ნიშნავს, ხოლო სკოლაში გაკეთებული თბოიზოლაცია – სკოლის ბიუჯეტის დაზოგვას. საქართველოს 11 ქალაქში მიმდინარეობს მსგავსი პროექტები. პირველად, 2010 წელს, თბილისში განხორციელდა. მას შემდეგ კიდევ 10 ქალაქი შეუერთდა ამ შეთანხმებას: გორი, თელავი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, სტეფანწმინდა, ბოლნისი, თიანეთი.
ამ ტიპის განათების სისტემის შეძენა ძვირი ჯდება, თუმცა წელიწადნახევრის ექსპლუატაციის განმავლობაში, ენერგიის გადასახადების შემცირებით მიიღება იმხელა ეკონომია, რომ ფარავს დამატებით გადახდილ ღირებულებას. ამ ქუჩაზე 40 % -ით შემცირდა ენერგიის მოხმარება. წარმოიდგინეთ, ყველა ქალაქში რომ იყოს მსგავსი განათება, რა რაოდენობის ენერგია დაიზოგება! მხოლოდ გარე განათებებით არ შემოვიფარგლებით. სხვა პროექტები ადგილობრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული. პროექტები შემდგომში უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით, ან საკრედიტო დაფინანსებით. ჩვენი ამოცანაა, ამ პროექტებით დემონსტრირება მოვახდინოთ და ქალაქის თვითმმართველობა და მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიებს ეკოლოგიურ ეფექტთან ერთად მოაქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი“, _ამბობს გიორგი აბულაშვილი.
სხვა აქტივობებთან ერთად, პროექტი მოიცავს განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების ფართო დანერგვას საზოგადოებრივი და სოციალური დანიშნულების დაწესებულებებში და იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოში სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია ენერგოდანახარჯების შემცირება, კომფორტის დონის ამაღლება და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მუნიციპალიტეტებთან, რომლებსაც ევროპული ინიციატივის – “მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული აქვთ ვალდებულებები, როგორიცაა მათ ტერიტორიებზე 2020 წლისთვის 20% ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება და 20% სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა. თელავი წარმოადგენს „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს და მომავალში გეგმავს სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა მუნიციპალურ ობიექტზე.
თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, განხორციელებული პროექტი თელავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორიცაა მის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის შემცირება და სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების 20%-ით გაზრდა:
„ქალაქი მდგრადი განვითარების პროექტებზე, მოძრაობის განტვირთვაზე მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას. ასევე ვმუშაობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება“, _ გვითხრა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ფარგლებში, თელავის #1 საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, ეკო-კლუბის მოსწავლეების მონაწილეობით ე.წ. ‘ფლეშ-მობი’ და სადემონსტრაციო პროექტის პრეზენტაცია.