ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იმუნიზაციის კვირეულში ჩაერთონ და აცრები გაიკეთონ:
_ აცერი და დაიცავი მომავალი თაობა! იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო ინტერვენციას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა ლეტალობის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა.
ამას გარდა, 750 000 ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა მძიმე დარღვევებსაგან.
დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, _ აღნიშნავს ჯიბუტი და პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს აქვეყნებს:
BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
Hep B (მონო) – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
DPT-HIb-HepB – 2, 3, 4 თვის ასაკში;
OPV – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
ROTA – 2, 3 თვის ასაკში;
PCV – 2, 3, 12 თვის ასაკში;
MMR – 12 თვის და 5 წლის ასაკში;
DT – 5 წლის ასაკში;
Td – 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს 1 წლამდე ასაკში ჩატარებული აქვს 12 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ (მონო), 3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის და 2 პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა; 1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 4 აცრა: წწყ, პკვ, დყტ და ოპვ; 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;
14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.
(R)