თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომლის სარემონტო სამუშაოებიც 26-მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, დღეიდან ექსპლოატაციაში შევიდა, თუმცა, შენობის შემდგომი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და მასზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს.
გარემონტებული რეზიდენცია დღეს ჟურნალისტების ფოტო და ვიდეოკამერებისთვის გააღეს.
შენობა, სადაც ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა საღებავის სუნი, ავეჯითა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით უკვე აღჭურვილია. თუმცა, რეზიდენციის გარე ფასადის რამდენიმე ადგილი შეუღებავია.
"გურია ნიუსის" ფოტოკამერამ რეზიდენციის ეზოდან გაურემონტებელი ოთახები და შეშის ღუმელის მილიც დააფიქსირა, შენობის მთავარი შესასვლელის მარცხენა მხარეს განთავსებულ ფანჯარაში. ფანჯარას მინის ნაცვლად შუაში ხის ფიცარი აქვს ჩადგმული, სადაც ეს მილი გადის ( იხ. ფოტო).
ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. როგორც "გურია ნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, შენობა მთლიანად გარემონტებულია.
"რეზიდენციის შენობა მთლიანად გარემონტებული და ჩაბარებულია. კედელი, სადაც აღნიშნული ფანჯარაა განთავსებული კერძო საკუთრებისაა და რეზიდენციას არ ეკუთვნის. ეს შენობები უბრალოდ პრეზიდენტის რეზიდენციაზეა მიბმული. ერთ მხარეს სკოლაა, მეორე მხარეს – საცხოვრებელი სახლი. როგორც კორპუსებია ერთმანეთზე მიბმული, ასეა ეს შენობებიც. ეს რეზიდენციის კორპუსები არ არის", _ აცხადებენ სამინისტროში, თუმცა, საპრეზიდენტო რეზიდენციასა და ამ კორპუსებს შორის დაშორება არ არის და შენობა რეზიდენციის ნაწილად აღიქმება.
საპრეზიცდენტო რეზიდენცია დღეიდან ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში გადადის, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, აპირებს თუ არა მთავრობა, ათონელის რეზიდენციაში გადასვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კვლავ შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამჟამად ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობს, იქ გადასვლას არ აპირებს, რის გამოც, მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტიც, არაერთხელ გახდა.
რაც შეეხება ათონელის რეზიდენციის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების მიზეზებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ობიექტისადმი ინვესტორთა დაინტერესება დაბალია.
"სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ინტერესია ამ შენობის მიმართ, რადგან მისი ფუნქციონალური მოწყობა არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო ამ შენობის შემთხვევაში", _ აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ შენობის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს.
თუმცა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილისთვის უცნობია რა ფორმით შეიძლება იმსჯელოს მთავრობამ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით.
როგორც იმერლიშვილი ამბობს, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
"რამდენადაც ვიცი პრეზიდენტს მიწერილი აქვს ოფიციალური წერილი, რომ იგი რჩება იმ რეზიდენციაში, სადაც დღეს არის, ანუ ავლაბრის რეზიდენციაში", _ აცხადებს იმერლიშვილი.