საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობს.
ევროსაბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები და მისი გაგრძელება იყო, რომელსაც საქართველოც უჭერს მხარს. ევროსაბჭოს დეპუტატებმა ყოველგვარი განხილვის გარეშე რუსეთს ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვინაიდან ამ ქვეყანას ევროსაბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულებებიდან არცერთი არ შეუსრულებია.
რუსული დელეგაციის წევრებისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საპარლამენტო ასამბლეა უკვე ზაფხულის სესიაზე იმსჯელებს.
სესიის დაწყებამდე, პოლიტიკურ ჯგუფებსა და კომიტეტებში მიიღეს გადაწყვეტილება, სანქციების გამკაცრების საკითხზე აღარ ემსჯელათ, მითუმეტეს, რომ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას რუსული დელეგაცია წლის ბოლომდე ბოიკოტს უცხადებს.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ბოლო წლებში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია, დეპუტატების დიდი ნაწილი ევროგაერთიანების სტრუქტურისაგან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ქართული დელეგაცია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას უჭერს მხარს.
„რუსეთმა არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და შესაბამისად, ევროსაბჭომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
სანქციების გამკაცრებაზე საუბრისას, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შესაძლოა ორგანიზაციიდან ქვეყნის გარიცხვის საკითხიც დადგეს.
„მათ საკუთარ თავს შეუზღუდეს მოღვაწეობის არეალი საპარლამენტო ასამბლეაში, ასე რომ, ჯერჯერობით დღის წესრიგში ალბათ ისევ დადგება მათი ხმის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება უკვე სხვა თემებზე მსჯელობა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ტერორისზმისგან მომდინარე საფრთხეებს უკავია. ამ კუთხით მომზადებულია რეზოლუციის პროექტი, რომლის კენჭისყრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი მონაწილეობენ.