ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "არანორმალურია, როცა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას სახელმწიფო ინტიტუტები და ხელისუფლებაში მოკალათებული კეთილის მსურველები იტაცებენ და პოლიტიკურ ჭრილში ატარებენ".
_ ივანიშვილს თავისი აზრი აქვს და ეს ნორმალურია, მაგრამ არანორმალურია, როცა მის მოსაზრებას სახელმწიფო ინტიტუტები და ხელისუფლებაში მოკალათებული კეთილის მსურველები იტაცებენ და პოლიტიკურ ჭრილში ატარებენ. პრეზიდენტი როგორც გადაწყვეტს ამ საკითხს, უნდა დავეთანხმოთ. ის სახელმწიფოს მეთაურია და თუ მიაჩნია, რომ თავისი ფუნქციის განხორციელებისთვის ეს შენობაა პრეზენტაბელური, ესე იგი, ასეა!
საპრეზიდენტო რეზიდენცია შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ, მაგრამ ძახილი “გამოდი შენობიდან!“ არ შეიძლება. მე კარგად ვიცი, რომ მარგველაშვილი არ მისდევს პირად კომფორტს, ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს დუშეთში, მაგრამ ამ შენობას უკეთესი ფუნქცია თუ მოეძებნება, კი ბატონო. საქმე კი ისაა, რომ ეს შენობა სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. არც სამუზეუმოდ ვარგა. ვერაფერში ვერ გამოიყენებენ ისეა დაგეგმარებული და პრინციპისთვის დაატოვებინო შენობა პრეზიდენტს, წარმოუდგენელია.
ვიმეორებ: ივანიშვილს აქვს ამ საკითხზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ, როცა პრემიერ მინისტრი, მინისტრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ამაზე იწყებენ ლაპარაკს, არასერიოზულია!
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემკონსტიტუცია კვადრატულ მეტრშიც კი წარმოგვიდგინა, რაც გონებრივი სიმწირის ნიშანია.( ამ სისულელით ის ვიღაცას ერთგულებას უმტკიცებს).
ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ მართავს ქვეყანას, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მას თავისი სურვილით კი არ აქვს, არამედ ხელისუფლება მუდმივად ითრევს მას გადაწყვეტილების მიღებაში. ივანიშვილი რჩევებს თავისი სურვილით არ გასცემს -მას რჩევის მისაღებად გამუდმებით აწუხებენ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, რომელთაც სურთ, რომ თავიანთი შეცდომები ივანიშვილს დაბრალდეს და ასე კომფორტულად გრძნობენ თავს!
ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა? ამასაც კი იმიტომ ეკითხებიან, რომ მერე თვითონ არაფერზე აგონ პასუხი. (კარგია ჰალსტუხის გაკეთება და კაბინეტში ჯდომა, თუ მათი სისულელე სხვას დაბრალდება). ერთი სიტყვით, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ჩუმი ალიანსია (არა გარიგება), რაც ხელს აძლევთ, მუდმივად ბიძინაზე შეიხოცონ ხელი! _ განაცხადა ხუხაშვილმა "ივერიონთან" საუბრისას.