ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე უკრაინაში ბუკლეტების გავრცელებას გეგმავს. როგორც ურუშაძემ "გურია ნიუსს“ უთხრა, ბუკლეტს საქართველოში საკუთარი სახსრებით დაამზადებს და მასში სააკაშვილის "სისხლიანი მმართველობის" მნიშვნელოვანი დეტალები იქნება ასახული.
ურუშაძე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და როგორც თვითონ ამბობს იქ ბევრი მეგობარი ჰყავს, მიიჩნევს, რომ უკრაინელმა ხალხმა სააკაშვილის რეალური სახე უნდა დაინახოს:
_ ჯერ კიდევ 2013 წელს გავმართე პრესკონფერენცია უკრაინაში, სადაც სააკაშვილზე ვრცლად ვისაუბრე. ჩემი პრესკონფერენცია ბევრმა სააგენტომ და ავტორიტეტულმა ჟურნალმა გააშუქა, _ აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით უკრაინელებს აუცილებლად უნდა გააგებინოს ვინ არის მიხეილ სააკაშვილი:
_ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ შეეძლო დაემარცხებინა კორუფცია და დაამარცხა კიდეც, მაგრამ მხოლოდ გზებზე. ვინ აგებს პასუხს ელიტურ კორუფციაზე მისი მმართველობის პერიოდში? სანამ სააკაშვილი პოლიციის რეფორმაზე მოხსენებას აკეთებდა ქუჩაში ახალგაზრდებს ესროდნენ. ვინ არის პასუხისმგებელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე, 2007 წლის 7 ნოემბერზე, სასტიკად ნაცემ აქციის მონაწილეებზე, 2011 წლის 26 მაისზე, სადაც 3 ადამიანი მოკლეს და მათგან ორი მაღაზიის სახურავზე იპოვეს?
2012 წლის ოქტომბერში ქართველმა ხალხმა სააკაშვილის ხელისუფლება მოუსავლეთში გააგზავნა. არჩევნების შემდეგ ქართველები თავისუფლად ურთიერთობენ ტელეფონით, აღარ ეშინიათ რომ ძალოვნები მოუსმენენ. ხსნიან საკუთარ ბიზნეს იმ შიში გარეშე, რომ შეიძლება წაართვან პოლიტიკური შეხედულების გამო.
ეს არის ის ძირითადი აქცენტები რომელიც მე 2013 წელს უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გავაკეთე.
თუმცა, ამის შემდეგ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. ამიტომ, ვფიქრობ რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს სიმართლის გაგებას.
სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავბეჭდო ბუკლეტები, სადაც თავს მოიყრის ყველა ის დანაშაული რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდა ჩაიდინა საქართველოში და უკრაინაში გავავრცელო, _ გვითხრა ურუშაძემ.
ლანჩხუთის გამგებლის ინფორმაციით ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და იდეას უახლოეს ხანში განახორციელებს.