გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მარინა კეიდიამ, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ საკრებულოს რიგი კომისიის სხდომებზე არადამაკმაყოფილებლად შეფასდა გამგეობის სოციალური სამსახურის მუშაობა და დეპუტატების ნაწილმა პირდაპირ თქვა, რომ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დამდგარიყო სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი.
თავად მარინა კეიდიასთან დაკავშირება ინფორმაციის გადასამოწმებლად ვერ მოვახერხეთ, თუმცა არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კეიდიამ განცხადება შვებულებაში წასვლასთან დაკავშირებით დაწერა, თუმცა დააკმაყოფილა თუ არა მისი მოთხოვნა გამგებელმა, ჯერჯერობით არ ვიცით“,- გვითხრეს ადმინისტრაციაში.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემაც დაადასტურა, რომ მარინა კეიდიამ განცხადებით მას შვებულებასთან დაკავშირებით მიმართა და მისი მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია.