საპარლამენტო უმცირესობა, მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების დაწყების პროცედურას ეხმაურება.
დეპუტატები კოლეგებს მოუწოდებენ, რომ არ დაუშვან ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მთავრობისთვის ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადება, ვინაიდან ეს ქვეყანას არ წაადგება.
"ღარიბაშვილის მთავრობის წასვლას მოითხოვდა და მოითხოვს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა 21 მარტს ამ მოთხოვნით, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამით პრობლემა არ წყდება და სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ქვეყნის მართვას, მანამდე გაგრძელდება ეკონომიკის ნგრევა, უმუშევრობის, კრიმინალის და სიღარიბის ზრდა და ლარის ვარდნა.
ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ტექნიკური და კომპეტენტური მთავრობა, არა ივანიშვილის მთავრობა, არამედ მთავრობა, რომელიც შეაჩერებს ნგრევას დაიწყებს ჩვენს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და მოამზადებს ქვეყანას არჩევნებისთვის", _აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რასაც გივი თარგამაძეც ეთანხმება.
"ჩვენ ვართ მოწმე იმისა, თუ რამხელა დარტყმა მიაყენა სახელმწიფოებრიობას და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ღარიბაშვილის კლანურმა უნიათო კორუმპირებულმა მთავრობამ და თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ახალი მთავრობის დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა წავა კიდევ უფრო უკან", _ აღნიშნა თარგამაძემ.