"საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქართული სტატისტიკის სისტემას ევროპულ სტატისტიკურ სისტემასთან აახლოვებს" _ ითქვა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც აღნიშნული ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.
პროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“.
მომხსენებლის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მაია გუნცაძის განმარტებით პროექტის შესაბამისად საქსტატს თავისი ფუნქციების შესასრულებლად, ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ასევე პირადი ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებამოსილება მიენიჭა.
გარდა ამისა, თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირი არ წარადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, ცვლილების თანახმად, პირი მიიღებს გაფრთხილებას და შემდეგ დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, რაც არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტით იცვლება საქსტატის საბჭოს იმ წევრთა შერჩევა, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და რომელთაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცვლილებით ისინი შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.
საქსტატის საბჭოს გარკვეული ფუნქციებისაქსტატის საბჭოს თავმჯდომარეს გადაეცემა. კერძოდ, საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება და სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცება.
შემოდის ახალი სუბიექტი – საქსტატის მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.
კომიტეტის წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებით, დეპუტატების აზრით, მეტი დაცულობისთვის უნდა არსებობდეს იმ კონფედენციალური ინფორმაციების დადგენილი სია, რომელთა მოთხოვნის უფლებაც ექნება საქსტატს.
კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და აღნიშნულ სიას საქსტატი ორი კვირის განმავლობაში მიაწვდის პარლამენტს.