ნეპალში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა მოზარდი ბიჭი სიკვდილს გადაარჩინეს. BBC-ს ინფორმაციით სამაშველო ოპერაცია დღეს განხორციელდა.
ხალხის მასა მაშველებს შეძახილებით ამხნევებდა ბიჭის ნანგრევებიდან ამოყვანის პროცესში.
კატმანდუში მაშველები ბიჭის ნანგრევებიდან ამოყვანას საათების განმავლობაში ცდილობდნენ.
საბოლოოდ ის საკაცით ამოიყვანეს და საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
BBC-ს ცნობით, ბიჭი სიკვდილს გადაურჩა, რადგან სველი ტანსაცმლიდან წყალს სვამდა.
ნეპალის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მაშველებს ცუდი ამინდი ხელს უშლის მიაღწიონ მოშორებით მდებარე სოფლებს.
დედაქალაქის გარეთ ტერიტორიას ვერტმფრენები ათვალიერებენ, მაგრამ მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მთები რელიეფის ხილვადობას ხელს უშლის.
ლაქშმი დაკალმა, ნეპალის საშინაო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ვერტმფრენები დატვირთულია მაშველებით, მაგრამ თავს იკავებენ აფრენისგან წვიმის და ღრუბლიანობის გამო.
ამ დროის მონაცემებით, ნეპალში მიწისძვრას 5 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულების ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება.
გამოყენებულია "როიტერის" ფოტოები